LIVE

ბიზნესის მიერ დაქირავებულების საშუალო ხელფასი 1 911 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

06 მარ 202311:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 749
ბიზნესის მიერ დაქირავებულების საშუალო ხელფასი 1 911 ლარამდე გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის მონაცემებით, 2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალოდ 741 000 ადამიანი იყო დასაქმებული, რაც 2021 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6.9%-ით მეტია.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 43.1% ქალი იყო, ხოლო 56.9% - კაცი. 

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.7% მსხვილ ბიზნესზე გადანაწილდა, 21.8% - საშუალოზე, ხოლო 36.4% - მცირე ბიზნესზე.

აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 699 500 კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3%-ით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე 4 086.8 მლნ ლარით განისაზღვრა. წლიური ზრდა 25.5 %-ია.

2022 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი) დარგი ლიდერობდა.

ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში, ბიზნეს სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასი 1 911.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 313.2 ლარით), ხოლო მათ შორის ქალების ხელფასმა 1 487 ლარი შეადგინა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 244.4 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი - 2 007.2 ლარი;
  • საშუალო ბიზნესი - 2 165.3 ლარი;
  • მცირე ბიზნესი - 1 602.1 ლარი.

საქსტატის თანახმად, IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 18.1%-ით გაიზარდა და 51.7 მლრდ ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. IV კვარტალში მისი მოცულობა 19.8 მლრდ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22.1%-ით მეტია.