LIVE

რუსეთზე მაღალი ეკონომიკური დამოკიდებულება სიკვდილით დასჯის მოლოდინს ჰგავს - ICC საქართველო

01 მარ 202315:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 819
რუსეთზე მაღალი ეკონომიკური დამოკიდებულება სიკვდილით დასჯის მოლოდინს ჰგავს - ICC საქართველო

საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC საქართველო) საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსის თანახმად, 2022 წელს საქართველო ეკონომიკურად ისე იყო დამოკიდებული რუსეთზე, როგორც არასდროს მისი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. 

კვლევის მიხედვით, რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება 2022 წლის (18,3%) მსგავსად, მკვეთრად მერყეობდა 2003 (16%) და 2012 (9,1%) წლებშიც. 

„რუსეთზე 18,3%-იანი ეკონომიკური დამოკიდებულება (19% საერთაშორისო მოგზაურობის შემოსავლების ჩათვლით) სიკვდილით დასჯის მოლოდინს ჰგავს, თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსეთი არის მტერი, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, რომელმაც დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, რომელთანაც საქართველოს არ აქვს არანაირი დიპლომატიური ურთიერთობა და რომელმაც წლების განმავლობაში არაერთხელ ჩაკეტა თავისი საზღვრები გასული 30 წლის განმავლობაში, რათა გაენადგურებინა საქართველოს ეკონომიკა და დაემორჩილებინა ქვეყანა“, - აღნიშნულია ICC საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსში.

საქართველოს საგარეო ეკონომიკური დამოკიდებულების ინდექსის მიხედვით, ევროკავშირზე ეკონომიკური დამოკიდებულება საერთო ჯამთან შედარებით თანმიმდევრულია: 2003 (21%), 2012 (23,6%) და 2022 (23%).

საერთო ჯამთან შედარებით, ასევე თანმიმდევრულია თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება: 2003 (10%), 2012 (12,3%) და 2022 (12%).

კვლევის მიხედვით, ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება რეგულარულად იზრდება წლების განმავლობაში: 2003 (2%), 2012 (5%), 2022 (7,7%).

აშშ-ზე ეკონომიკური დამოკიდებულება 2003 წელს 10% იყო, 2012 წელს - 4%, 2022 წელს კი - 7%. ICC საქართველოს შეფასებით, ზრდა 2012-2022 წლებში წარმოდგენილია ფულის ნაკადის და იმპორტის, ძირითადად მეორადი მანქანების რაოდენობის მნიშვნელოვანი მატებით.