LIVE

სებ-მა მყისიერი გადახდების სისტემის შესასყიდად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა

28 თებ 202315:59
3 წუთის საკითხავი
clock clock 576
სებ-მა მყისიერი გადახდების სისტემის შესასყიდად საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა

ეროვნულმა ბანკმა, მყისიერი გადახდების სისტემის შესყიდვის მიზნით, ღია საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. სებ-ის განმარტებით, ტენდერი მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურების დაცვით განხორციელდება.

„ტენდერში მონაწილეობა ყველა იმ საგადახდო სისტემის მწარმოებელს შეეძლება, რომლებიც სატენდერო მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებენ. აღსანიშნავია, რომ სისტემის მწარმოებლები და მათთან დასაქმებული პერსონალი უნდა ფლობდეს სათანადო გამოცდილებას რთული საგადახდო სისტემების წარმოებაში. სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადა მიმდინარე წლის 10 აპრილია. რაც შეეხება წინა სატენდერო (Pre-Bid Meeting) შეხვედრას, ტენდერში მონაწილეობის მსურველ მწარმოებლებთან მიმდინარე წლის 14 მარტს გაიმართება“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მყისიერი გადახდების სისტემა, ელექტრონული საცალო გადახდის გადაწყვეტაა, რომელიც ხელმისაწვდომია 24/7-ზე. გადახდის შესრულება ხორციელდება იმავე მომენტში, მყისიერად და შესრულებისთანავე მიმღებისთვის თანხა დაუყოვნებლივ ხდება ხელმისაწვდომი.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ დანერგილი სისტემით გადახდები ლარში განხორციელდება. მყისიერი გადახდის სისტემაში ჩართული იქნებიან კომერციული ბანკები და სხვა (არასაბანკო) საგადახდო მომსახურების პროვაიდერები. სებ-ში აცხადებენ, რომ მომხმარებლებს გადახდების ინიცირებისთვის ყველა შესაძლო არხისა და საშუალების გამოყენება შეეძლებათ, იქნება ეს ფილიალი, ინტერნეტ-ბანკი, მობილური აპლიკაცია, QR კოდი თუ სხვა.