LIVE

გერმანიის ეკონომიკა მე-4 კვარტალში 0.4%-ით შემცირდა

24 თებ 202315:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 367
გერმანიის ეკონომიკა მე-4 კვარტალში 0.4%-ით შემცირდა

გერმანიის ეკონომიკა 2022 წლის ბოლო სამ თვეში მოსალოდნელზე უფრო მეტად შემცირდა. ინფლაციამ და ენერგეტიკულმა კრიზისმა გავლენა მოახდინა შინამეურნეობების მოხმარებასა და კაპიტალურ ინვესტიციებზე. 

სტატისტიკის ოფისის განცხადებით, გასული წლის მე-4 კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, გერმანიის ეკონომიკა 0.4%-ით შემცირდა. წინასწარი მონაცემები კვარტალში 0.2%-იან შემცირებაზე მიუთითებდა.

სტატისტიკის სამსახურის განცხადებით, მას შემდეგ, რაც დასრულდა ენერგიის ფასების ისეთი შემამსუბუქებელი ღონისძიებები, როგორიცაა საწვავის ფასდაკლება და 9-ევროიანი სატრანსპორტო ბილეთი, მომხმარებლებმა მე-4 კვარტალში უფრო ნაკლები დახარჯეს. შინამეურნეობების ხარჯები, წინა კვარტალთან შედარებით, 1%-ით შემცირდა, ხოლო სახელმწიფო დანახარჯები 0.6%-ით გაიზარდა.

ამასთან, სტატისტიკის სამსახურის ცნობით, ეკონომიკურ მაჩვენებლებზე შემცირებული ინვესტიციებიც აისახა. მშენებლობაში ინვესტიციები მეოთხე კვარტალში 2.9%-ით, ხოლო მანქანა-დანადგარებში ინვესტიციები 3.6%-ით შემცირდა.

ასევე, 1%-ით შემცირდა საქონლისა და მომსახურების ექსპორტი, რაც სტატისტიკის სამსახურის ცნობით, გლობალურად მიწოდების ჯაჭვების მუდმივი შეფერხებითა და ენერგიის მაღალ ფასებითაა გამოწვეული. 

მეოთხე კვარტალში მოსალოდნელზე უარესი შედეგი ზრდის ზამთრის რეცესიის შიშებს. რეცესია ჩვეულებრივ განისაზღვრება, როგორც ეკონომიკის ზედიზედ ორ კვარტალში დაფიქსირებული შემცირება.  

2022 წლის მე-3 კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 0.5%-ით გაიზარდა.