LIVE

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან თითქმის 1 წელი გავიდა - როგორ აისახება ომი ქვეყნების ეკონომიკაზე

20 თებ 202320:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 758
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან თითქმის 1 წელი გავიდა - როგორ აისახება ომი ქვეყნების ეკონომიკაზე
Photographer: Serhii Korovayny

გასული წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. თარიღთან დაკავშირებით, Bloomberg-მა ომის სოციალური და ეკონომიკური შედეგები შეაჯამა

როდესაც დიდი ქვეყანა თავს ესხმის პატარა, ღარიბ ქვეყანას, რომლის მოსახლეობა აგრესორი ქვეყნის დაახლოებით მეოთხედს, ეკონომიკა კი მეცხრედს შეადგენს, რთული მისახვედრი არ არის, რომ ეს აგრესორს გარკვეულ მართვად ფინანსურ წნეხს მოუტანს, მსხვერპლს კი კატასტროფულ განადგურებამდე მიიყვანს. 

თუმცა ომიდან ერთი წლის თავზე, ცხადი გახდა, რომ ორივე მხარეს საკმაოდ მაღალი ფასის გადახდა უწევს და რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება კონფლიქტი, მით უფრო მაღალი იქნება ეკონომიკური ზარალი. 

რა გავლენა იქონია ომმა უკრაინის ეკონომიკაზე?

რუსეთის თავდასხმამ უკრაინა მართლაც გაანადგურა. ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2022 წელს 30%-ზე მეტით შემცირდა, რაც ყველაზე მკვეთრი კლებაა მას შემდეგ, რაც უკრაინამ სამი ათეული წლის წინ დამოუკიდებლობა მოიპოვა.

გასული წლის ბიუჯეტის დეფიციტი, რომელიც მშპ-ს თითქმის 27%-ს შეადგენდა, დაიფარა საგარეო დახმარებითა და ვალით, რომელიც თითქმის აუცილებლად უნდა რესტრუქტურიზდეს.

ინფლაციამ ოფიციალურად 20%-ს მიაღწია, სინამდვილეში კი 30%-ს გადააჭარბა, რამაც მოსახლეობის ღარიბი ფენა კიდევ უფრო გააღარიბა. მაგალითად, ბოსტნეულზე ფასები გაიზარდა 85%-ით, რადგან ხერსონი, ქვეყნის ბოსტნეულის უმსხვილესი მწარმოებელი, მძიმე ბრძოლების ადგილად იქცა და რეგიონის დიდი ნაწილი კვლავ ოკუპირებულია.

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა მკაცრი კაპიტალის კონტროლი და ფიქსირებული გაცვლითი კურსი დააწესა.

ივლისში გრივნა 25%-ით გაუფასურდა და $1-ის ღირებულება 36.6 გახდა, მაგრამ ქუჩაში ეს მაჩვენებელი 43-ს უახლოვდება.

ხელფასი მცირედით იმატებს და გასაკვირი არ არის, რომ ვარშავაში დაფუძნებული აღმოსავლეთის კვლევების ცენტრის თანახმად,  უმუშევრობის დონე დაახლოებით 40%-ია.  

სოციალურ წნეხს მილიონობით უკრაინელის, ძირითადად ქალებისა და ბავშვების იძულებითი მიგრაცია და 18-დან 60 წლამდე მამაკაცების საყოველთაო მობილიზაცია ამსუბუქებს, თუმცა ორივე ფაქტორი ასევე შეიცავს რისკს, რამდენადაც პოტენციური სამუშაო ძალა იკლებს. 

ბრძოლებმა განსაკუთრებული ზიანი მიაყენეს ეკონომიკის ყველაზე მნიშვნელოვან სექტორებს. მძიმე მრეწველობა კონცენტრირებულია ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში, სადაც რუსეთმა ყველაზე დიდი წარმატება მოიპოვა და უდიდესი ნგრევა გამოიწვია. 

კიევის ეკონომიკის სკოლის (KSE) მიერ სექტემბერში ჩატარებული კვლევის თანახმად, გზების, ხიდების, სახლების, სკოლების, საავადმყოფოების და სახნავი მიწების დაზიანებით მიღებული ზარალი $127 მილიარდს შეადგენს.   

სოფლის მეურნეობა ყველაზე განვითარებული იყო სამხრეთის ნაყოფიერ რაიონებში. ხორბლის მოსავალი 2021 წელს 32.5 მილიონ ტონას შეადგენდა, გასულ წელს ეს მაჩვენებელი 26.6 მილიონ ტონამდე შემცირდა და ამის მეოთხედი რუსმა ოკუპანტებმა წაიღეს.

KSE-ს ზიანის შეფასების კვლევა, რომელიც დაფინანსებულია მოკავშირე მთავრობების მიერ, ატარებს ოპტიმისტურ სახელს „რუსეთი გადაიხდის“, მაგრამ გაურკვეველია, რამდენად აანაზღაურებს რუსეთი ამ ხარჯებს. დასავლეთის ქვეყნებში გაყინული მისი რეზერვებიდან უკრაინის აღსადგენად თანხების გამოყენება სამართლებრივად რთულია: ასეთი სქემა - თუნდაც ევროკომისიის მიერ ახლახან შემოთავაზებული ფრთხილი მიდგომა - სახიფათო პრეცედენტს შექმნის გლობალური ფინანსური სისტემისთვის. 

ფიზიკურ ზარალს ემატება კორუფცია, რომელიც უკრაინაში ნარჩუნდება მაშინაც კი, როცა მიმდინარე ომის ფონზე, საჯარო სახსრების მოპარვა ბევრად უფრო ამორალურად მიიჩნევა. ბოლო პერიოდში გახშირდა შესყიდვების, საბაჟო და ინფრასტრუქტურის მიმართულებით პასუხისმგებელი ოფიციალური პირების გადაყენების შემთხვევები, რადგან პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ცდილობს, შეინარჩუნოს დასავლელი დონორები

რა გავლენა იქონია ომმა რუსეთის ეკონომიკაზე?

Bloomberg-ის შეფასებით, ქვეყნის მშპ 2022 წელს მხოლოდ 3%-ით შემცირდა. ინფლაციის მაჩვენებელი 13.8%-მდე გაიზარდა, რაც მაღალი რიცხვია, მაგრამ დრამატულად არ განსხვავდება ზოგიერთ დასავლურ ქვეყნის მაჩვენებლისგან

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ბაზრიდან 1000-ზე მეტი დასავლური კომპანია სრულად ან ნაწილობრივ გავიდარუსეთი სრულად დატოვეს ისეთმა მსხვილმა კომპანიებმა, როგორებიცაა, Starbucks და McDonald's

მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გამო, რუსეთს საგარეო რეზერვებზე წვდომა შეზღუდული აქვს, გასული წლის 2%-იანი ბიუჯეტის დეფიციტი მართვადი იყო.

Bloomberg-ის შეფასებით, უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი გასულ წელს 4.8%-დან 4%-მდე შემცირდა.  

რუსეთში გარდაცვლილი ჯარისკაცების კომპენსაციამ და მებრძოლების ერთჯერადმა დახმარებამ სიღარიბის მაჩვენებელი შეამცირა. Bloomberg Economics-ის თანახმად, რუსეთში სოციალური შეღავათების ზრდამ მოსახლეობის უღარიბესი ნაწილის შემოსავლები გაზარდაამ მიდგომამ ხელი შეუწყო საარსებო მინიმუმის მიღმა მცხოვრები ადამიანების რაოდენობის შემცირებას. 2022 წლის მესამე კვარტლის უახლესი სტატისტიკის თანახმად, მათი რიცხვი, ერთ წელში, 700 000-ით შემცირდა. ამ ჯგუფში ის ადამიანები შედიან, რომელთა შემოსავალი თვეში დაახლოებით $186-ზე ნაკლებია. 

თუმცა, ეს რიცხვები შეცდომაში შემყვანია და ამის მიზეზი მხოლოდ ის არ არის, რომ ოფიციალური სტატისტიკა, სავარაუდოდ, ძალიან ვარდისფერ სურათს ხატავს, რადგან კრემლს სურს, დაამტკიცოს თავისი სიძლიერე და სანქციების მიმართ გამძლეობა. ომამდე, მოსალოდნელი იყო, რომ პანდემიის შემდგომ, რუსეთის ეკონომიკა მინიმუმ 3%-ით გაიზრდებოდა, შესაბამისად, რუსეთის ეკონომიკის ვარდნა 6%-ს უახლოვდება, ანუ $108 მილიარდი დოლარია. ეს კი თავის მხრივ, ნიშნავს, რომ რუსეთს უკრაინაზე დიდი ვარდნა ჰქონდა. 

რუსეთის ეკონომიკური ზარალის მაჩვენებელი მცდარ წარმოდგენას ქმნის რეალურ სურათზე, რადგან მის წინააღმდეგ სანქციები ეტაპობრივად დაწესდა. უკრაინაში შეჭრის პირველ ხანებში, რუსეთმა ისარგებლა ომის შედეგად ენერგიაზე გაზრდილი ფასებით. ბოლო თვეების განმავლობაში, ამოქმედდა მეტი ენერგეტიკული ემბარგო და რუსულ ნედლ ნავთობზე ფასის ლიმიტმა ზემოქმედება დაიწყო. რუსეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ურალის ფასი გასული 12 თვის განმავლობაში 42%-ით შემცირდა. 

თუ გასულ წელს თვეების უმრავლესობაში ნავთობსა და გაზს რუსეთის ფედერალურ ბიუჯეტში თვეში დაახლოებით 1 ტრილიონი რუბლი ($13,4 მილიარდი) შეჰქონდა, ნოემბერსა და დეკემბერში ეს შენატანი დაახლოებით 900 მილიარდ რუბლამდე, იანვარში 425 მილიარდ რუბლამდე შემცირდა. 

ნავთობისა და გაზის საგადასახადო შემოსავალი, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, იანვარში 46%-ით შემცირდა. ამასთან, 59%-ით გაიზარდა დანახარჯები უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. ამ ფაქტორების ერთობლიობამ 1.76 ტრილიონი რუბლის ($25 მილიარდი) დეფიციტი გამოიწვია. 

რუსეთის ფედერალური თავდაცვის ხარჯები 2022 წელს 23%-ით გაიზარდა, რაც $66 მილიარდზე მეტია. წელს მისი დამატებით 6%-ით გაზრდა იგეგმება. ამჟამინდელი მაჩვენებლების გათვალისწინებით, კრემლი ენერგიის გაყიდვით მიღებულ თანხას სრულად სამხედროებისკენ მიმართავს. ეს კარგად არ აისახება რიგით რუსებზე, განსაკუთრებით მათზე, ვინც სახელმწიფო სექტორში მუშაობს. 

ისევე როგორც უკრაინაში, რუსეთშიც ეკონომიკური პროგნოზს ართულებს სამხედრო დანაკარგები. დადასტურებული მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 10 000-ს აჭარბებს, მაგრამ როგორც დაღუპულების, ასევე, დაჭრილების საერთო რაოდენობა რეალურად გაცილებით მეტია. ზოგიერთი შეფასებით, შესაძლოა ის 20-ჯერ მეტიც კი იყოს.   

უკრაინის მსგავსად, მიგრაცია რუსეთშიც მაღალია. ხშირად მობილიზაციას მაღალკვალიფიციური ტექნიკური პროფესიონალები გაურბიან. ამ გადინების შეფასებები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ კონსერვატიული გაანგარიშებით, შეჭრის დღიდან, ის დაახლოებით 500 000-ს შეადგენს. 

აღსანიშნავია, რომ შსს-ს მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში რუსეთის 1 459 541 მოქალაქე შემოვიდა, წლიური ზრდა 401%-ია. სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათი დიდი ნაწილი, 1 405 552 ადამიანი, საქართველოში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მარტი-დეკემბრის პერიოდში შემოვიდა. 

Bloomberg consensus-ის თანახმად, რუსეთის ეკონომიკას წელს ნულოვანი ზრდა ექნება, ხოლო უკრაინის ეკონომიკა 2%-ით გაიზრდება. ეს იმით აიხსნება, რომ ბრძოლების მიუხედავად, უკრაინამ მოახერხა ინფრასტრუქტურის შენარჩუნება. თუ იგი დაიბრუნებს სასოფლო-სამეურნეო მიწებს და ბუნებრივ რესურსებს, შეუძლია გაზარდოს ექსპორტი, რომელიც ამ დროისთვის ომის წინა დონის დაახლოებით ნახევარს შეადგენს.  

რუსეთის ეკონომიკური გაუმჯობესების პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად წარმატებით ჩაანაცვლებს იმპორტს ადგილობრივი ნაწარმი, რაც დიდ დროს წაიღებს იმის გათვალისწინებით თუ რამდენად იყო რუსეთი დამოკიდებული უცხოურ საქონელზე. 

დასავლეთის მხრიდან რუსეთის მიმართ სანქციების მზარდი რიცხვის პარალელურად, მოკავშირეებისგან უპრეცედენტო მხარდაჭერას იღებს უკრაინა. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს კიევში ჩავიდა. ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ვიზიტია.