LIVE

სანქციების ახალი პაკეტით, შესაძლოა, რუსეთმა დამატებით €11 მლრდ დაკარგოს

15 თებ 202316:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 389
სანქციების ახალი პაკეტით, შესაძლოა, რუსეთმა დამატებით €11 მლრდ დაკარგოს

ევროკავშირის 27 ქვეყნის წარმომადგენელი დღეს ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს განიხილავს. ახალი ზომების პირობებში შემცირებული ვაჭრობის შედეგად, რუსეთმა შესაძლოა, დამატებით 11 მილიარდი ევრო დაკარგოს. 

ახალ სანქციებზე ბლოკი, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით, 24 თებერვალს შეთანხმდება, მაგრამ იქამდე, კონკრეტულ ზომებს ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ მხარი ერთსულოვნად უნდა დაუჭიროს. 

"ვასუსტებთ რუსეთის შესაძლებლობას, რომ ომის მანქანა შეინარჩუნოს. სანქციების ცხრა პაკეტი მივიღეთ, რუსეთის ეკონომიკა მცირდება. ზეწოლა უნდა გავაძლიეროთ. 

ჩვენ ვსაუბრობთ 11 მილიარდ ევროზე. ვთავაზობთ შეზღუდვებს ორმაგი დანიშნულების და ელექტრონულ კომპონენტებზე, რომლებიც გამოიყენება რუსულ შეიარაღებულ სისტემებში, როგორიცაა დრონები, რაკეტები და ვერტმფრენები", - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დახურული მოლაპარაკებების დაწყებამდე.

რუსეთისთვის გაწეული დახმარების გამო, სანქციების მე-10 პაკეტი შესაძლოა შეეხოს ირანსაც. 

"ირანში წარმოებული ასობით თვითმფრინავია, რომელსაც რუსეთი უკრაინის ბრძოლის ველზე იყენებს. ეს ირანული თვითმფრინავები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობას კლავენ ... ასე რომ, პირველად გამოვდივართ შეთავაზებით, რომ სანქციები გავრცელდეს ირანულ ეკონომიკურ ოპერატორებზე, მათ შორის, ისეთებზე, რომლებსაც კავშირი აქვთ "რევოლუციის გუშაგებთან", - ამბობს ლაიენი.

კიდევ რას მოიცავს სანქციების მე-10 პაკეტი? 

Reuters-ის ინფორმაციით, კომისია ევროკავშირის ქვეყნებს სთავაზობს, რომ გლობალური შეტყობინებების სისტემა SWIFT-დან გაითიშოს დამატებით ოთხი რუსული ბანკი, მათ შორის კერძო Alfa-Bank, ონლაინ ბანკი Tinkoff და კომერციული ბანკი Rosbank.   

წყაროები ასევე აცხადებენ, რომ შესაძლოა, აიკრძალოს რუსეთიდან რეზინისა და ასფალტის იმპორტი. ამასთან, ბლოკი კრძალავს მის ტერიტორიაზე Russia Today-ის არაბული სერვისის გავრცელებას. 

გარდა ამისა, შეიზღუდება ევროკავშირიდან რუსეთში ელექტრონული სქემებსა და კომპონენტების, თერმო კამერების, რადიოსა და მძიმე მანქანების, აგრეთვე ფოლადისა და ალუმინის ექსპორტი, რაც შესაძლოა გამოყენებული იქნას სამრეწველო და სამშენებლო მიზნებისთვის.  

კომისიას ასევე სურს, რომ შეზღუდვები გავრცელდეს ევროპულ საზიარო საწარმოებზე, რომლებიც უკავშირდება რუსეთს ან მის მოქალაქეებს. 

სანქციების ახალი პაკეტი მიზნად ისახავს როგორც ზომების გაფართოებას, ასევე, არსებულ სანქციებში ხარვეზების აღმოფხვრას, მათ შორის, ჩინეთში სატელიტური მონაცემების მიყიდვის გამკაცრებულ კონტროლს, რამდენადაც არსებობს მისი რუსეთზე გადაცემის საფრთხე. 

ევროკავშირის ქვეყნები ასევე განიხილავენ დამატებით ანგარიშგების ვალდებულებებს, რათა უკეთ აკონტროლონ რუსული აქტივები ევროპაში იმ ფონზე, რომ ისინი ეძებენ გზებს, თუ როგორ გამოიყენონ სანქცირებული გაყინული აქტივები უკრაინის აღდგენის დასაფინანსებლად.