LIVE

550-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია რუსეთში საქმიანობას განაგრძობს - კვლევა

23 იან 202316:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 714
550-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია რუსეთში საქმიანობას განაგრძობს - კვლევა

იელის უნივერსიტეტის ახალი მოხსენების თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომისა და სანქციების ფონზე, 550-ზე მეტი საერთაშორისო კომპანია, მათ შორის ბევრი ევროპიდან, კვლავ განაგრძობს საქმიანობას რუსეთში.

უფრო ზუსტად, კვლევაში წარმოდგენილია ჯამში 1 389 კომპანიაა, რომლებიც ხუთ კატეგორიადაა დაყოფილი. მათგან 223 რუსეთში საქმიანობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს; 162-მა ფირმამ მომავალში რუსული ბაზრის დატოვების პირობა დადო, თუმცა საქმიანობას დღემდე განაგრძობს; 170-მა კომპანიამ შეამცირა საქმიანობა, თუმცა მუშაობას ნაწილობრივ მაინც აგრძელებს; 493-მა დროებით სრულად ან თითქმის სრულად შეაჩერა რუსეთში ფუნქციონირება; 341-მა კი სრულად დატოვა რუსეთი.

ის 555 კომპანია, რომელიც კვლავ ოპერირებს რუსეთში, იელის უნივერსიტეტის კვლევაში შესული კომპანიების 40%-ს წარმოადგენს. კერძოდ, კომპანიებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ „დროს ყიდულობენ“, არის მრავალი ცნობილი ფირმა, როგორც ევროკავშირიდან, ასევე G7-დან. მაგალითად, AstraZeneca (დიდი ბრიტანეთი), Barilla (იტალია), Bayer (გერმანია), BlaBlaCar (საფრანგეთი) და სხვ.

რუსეთის ეკონომიკური აქტივობის შენელებისა და დასავლეთის სანქციების ფონზე, უცნობია, ამ კომპანიებს რა ოდენობის შემოსავალი აქვთ უშუალოდ რუსული ოპერაციებით. თუმცა, მათი მუდმივი ყოფნა რუსეთში, როგორც ჩანს, ძირს უთხრის დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკურ ერთიანობას.

როგორც ევროკომისიის წარმომადგენელი აღნიშნავს, დასავლეთის სანქციები ამ კომპანიებს არ ავალდებულებთ რუსეთის ბაზარი დატოვონ, ბევრმა მათგანმა უბრალოდ თავისით გადაწყვიტა წასვლა. უცხოური კომპანიების მიერ ევროკავშირის სანქციები დაირღვევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩაერთვებიან ისეთ სექტორებში ან სუბიექტებთან თანამშრომლობაში, რომლებიც თავის მხრივ სანქციების ქვეშ არიან.

ცნობისთვის, იელის უნივერსიტეტი მონაცემთა ბაზას სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით აახლებს, მათ შორისაა მთავრობის მარეგულირებელი დოკუმენტები, საგადასახადო დოკუმენტები, კომპანიის განცხადებები, მედიის ანგარიშები და სხვა.