LIVE

რუსები მეორად მანქანებზე გადადიან - სანქციების ეფექტი

17 თებ 202315:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 592
რუსები მეორად მანქანებზე გადადიან - სანქციების ეფექტი

გასულ წელს რუსეთში ახალ მანქანებზე დანახარჯები განახევრდა, გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინაში შეჭრის გამო დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ქვეყნის ავტოინდუსტრიაზეც საგრძნობლად აისახა. ამაში მოიაზრება შემცირებული წარმოება, გაზრდილი ფასები და მყიდველების შედარებით იაფ და მეორად ავტომობილებზე გადართვა.

მიუხედავად იმისა, რომ ანალიტიკოსები დღემდე მსჯელობენ რუსეთისთვის ეკონომიკური შეზღუდვების ეფექტურობაზე, ფაქტია რომ რუსეთის ავტოინდუსტრიამ, რომელიც ომამდე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული უცხოელ მწარმოებლებსა და იმპორტირებულ ნაწილებზე, დიდი დარტყმა მიიღო.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გასულ წელს რუსეთის ფედერაციაში ახალ მანქანებზე დანახარჯები 52%-ით, 1.5 ტრილიონ რუბლამდე (20.4 მილიარდი დოლარი) შემცირდა, ხოლო გაყიდული ახალი მანქანების რაოდენობა 58.8%-იან კლებას აჩვენებს. დასავლელი ავტომწარმოებლების მიერ რუსეთის დატოვებისა და ქარხნების გაყიდვის ფონზე, მანქანების წარმოება, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, გასულ წელს ყველაზე დაბალ დონეზე იყო.

ანალიტიკური სააგენტო Autostat-ის მონაცემებით, გაზრდილი ინფლაციის გამო გაუარესებული ცხოვრების დონიდან გამომდინარე, მეორად ავტომობილებზე დანახარჯების 14%-იანი ზრდის მიუხედავად, მთლიანობაში, 2022 წელს ახალ და მეორად მანქანებზე დანახარჯები 15%-ით შემცირდა.

როგორც Autostat-ის აღმასრულებელი დირექტორი სერგეი უდალოვი ამბობს, მეორადი ავტომობილების ფასები შედარებით ხელმისაწვდომია. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთში 2022 წელს მეორადი ავტომობილების იმპორტი გაიზარდა. ამ მხრივ რეიტინგში იაპონია ლიდერობს, რომელმაც მართალია აგრესორ ქვეყანაში მაღალი ღირებულების მანქანების ექსპორტი შეზღუდა, თუმცა ფიზიკური პირების მიერ იმპორტირებულ მეორად მანქანებს აკრძალვა არ ეხება.