LIVE

Twitter-ზე რეკლამის განთავსება 625-მა მსხვილმა ბრენდმა შეწყვიტა

19 თებ 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 375
Twitter-ზე რეკლამის განთავსება 625-მა მსხვილმა ბრენდმა შეწყვიტა

2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით, Twitter-ზე რეკლამის უმსხვილესი განმთავსებელი 1000 კომპანიიდან 625-მა, პლატფორმაზე რეკლამის განთავსება შეწყვიტა და 2023 წლის იანვრის პირველი კვირების განმავლობაში აღარ ხარჯავდნენ თანხას Twitter-ზე რეკლამისთვის. ინფორმაციას CNN-ი Pathmathics-ის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

უმსხვილეს კომპანიებს შორისაა: Coca-Cola, Unilever, Jeep, Wells Fargo და Merck. ანგარიშის თანახმად ირკვევა, რომ რეკლამის უმსხვილესი დამკვეთების გასვლის გამო, Twitter-ის შემოსავლები მხოლოდ 4 თვეში 60%-ით შემცირდა - დაახლოებით $127 მილიონიდან $48 მილიონამდე. უფრო მეტიც, ყველასათვის ცნობილმა HBO-მ, რომელიც Twitter-ზე რეკლამის უმსხვილესი განმთავსებელი იყო - სექტემბერში $12 მილიონზე მეტი დახარჯა, თუმცა 25 იანვრის მდგომარეობით, რეკლამირება ისე შეამცირა, რომ დანახარჯი $54 000-ზე ოდნავ მეტი იყო.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ Twitter-ის სარეკლამო ბაზარი მკვეთრად მცირდება, ერთ დროს კი $4,5 მილიარდიანი სარეკლამო ბიზნესი იყო. მას შემდეგ, რაც Twitter ილონ მასკის ხელში აღმოჩნდა, რეკლამის განმთავსებლებმა დაიწყეს ფიქრი პლატფორმის უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე, იმის გათვალისწინებით, რომ მასკის გეგმები და განცხადებები Twitter-ის მოდერაციასა თუ თანამშრომლების შემცირებაზე, არც ისე დამაიმედებლად ჟღერდა.

ნოემბრის დასაწყისში კი მასკმა თავადაც აღნიშნა, რომ Twitter-ი შემოსავლების მკვეთრ ვარდნას განიცდის. მასკს მოუწია აღიარება, რომ სოციალური პლატფორმა მძიმე მდგომარეობაშია და ის Twitter-ის გაკოტრებისგან გადასარჩენად იბრძოდა.

"Twitter-ს ჯერ კიდევ აქვს გამოწვევები, მაგრამ შევძლებთ შენარჩუნებას თუ ასე გავაგრძელებთ, საზოგადოების მხარდაჭერა ძალიან დასაფასებელია!", - მასკმა ეს ტვიტი 5 თებერვალს გამოაქვეყნა.