500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამის მეოთხე ნაკადზე განაცხადების მიღება დაიწყო და ის 27 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. 500 Georgia-ს საინვესტიციო პროგრამა სილიკონ ველიზე დაფუძნებულ 500 Global-ს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) და საქართველოს ბანკს შორის პარტნიორობის შედეგია. პროგრამა 500 Global-ის საინვესტიციო ექსპერტიზას და პარტნიორების საერთაშორისო ცოდნას აერთიანებს, რათა სტარტაპების დამფუძნებლებს საუკეთესო გამოცდილება შესთავაზოს. რეგიონული პროგრამის განხორციელებით 500 Global-ის მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, სტარტაპების კაპიტალით უზრუნველყოფა და კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირების ხელშეწყობაა. პროგრამაში მონაწილე სტარტაპები 12-კვირიან ინტენსიურ პროგრამას გაივლიან, მათ ექნებათ წვდომა სტარტაპების, მენტორების და ინვესტორების ფართო აუდიტორიაზე, რათა მოხდეს მათი პოტენციალის მაქსიმიზაცია.
სტარტაპებს, რომელთა მიზანიც საზღვარგარეთ გაფართოებაა, შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ 500 Global-ის ტექნოლოგიური ჰაბები მსოფლიოს გარშემო. რაც მათ საშუალებას მისცემს, შეისწავლონ სხვა ბაზრები და აღმოაჩინონ პოტენციური კომერციული შესაძლებლობები.
500 Georgia-მ მესამე ნაკადის დემო დღეს 2023 წლის იანვარში უმასპინძლა. მასში მონაწილე 13-მა კომპანიამ (Bonpara, Epoint, GOTCHA, iDialogue, Kings, KOVZY, LiveBoard, Praktika, Pyme, QuickShipper, TASS VISION, Text'nPayMe და Voiceloft) სხვადასხვა ქვეყნიდან, საკუთარი სტარტაპი წარუდგინა ეკოსისტემის მნიშვნელოვან მონაწილეებს. სტარტაპები იყვნენ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, უზბეკეთიდან და სხვა. რაც შეეხება ინდუსტრიებს, 500 Georgia-ს პროგრამის მესამე ნაკადში მონაწილე სტარტაპები ქმნიან და ავითარებენ ტექნოლოგიებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: განათლება, ფინანსები, ლოჯისტიკა, WEB3 და სხვა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, საქართველოს ბანკსა და 500 Global-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება 2020 წელს გაფორმდა, 2022 წელს კი მხარეებს შორის ოთხწლიან პარტნიორობას მოეწერა ხელი. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, 500 Georgia ჩაატარებს წელიწადში ორ საინვესტიციო აქსელერაციის პროგრამას იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს სტარტაპებს საქართველოდან და რეგიონიდან.
აღსანიშნავია, რომ 500 Global-ი არის გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანია, რომელიც 2.7 მილიარდიან აქტივებს მართავს. იგი ინვესტიციას ახორციელებს სტარტაპებში, რომლებიც ქმნიან სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს. 500 Global მჭიდროდ თანამშრომლობს ეკოსისტემის მთავარ მონაწილეებთან და კონსულტაციას უწევს მთავრობებს, შექმნან ისეთი სამეწარმეო ეკოსისტემა, რომელშიც სტარტაპებს ექნებათ სწრაფი განვითარების შესაძლებლობა. 2010 წლიდან დღემდე, 500 Global-მა მხარი დაუჭირა 5000-ზე მეტ დამფუძნებელს და 2700-ზე მეტ კომპანიას, 81 ქვეყნიდან. მისი პორტფოლიო მოიცავს 49 კომპანიას, რომელთა ღირებულება 1 მილიარდ დოლარზე მეტია და 150+ კომპანიას, რომელთა ღირებულება 100 მილიონ დოლარს აღემატება (მათ შორის არის კერძო, საჯარო და “exited” კომპანიები). 500 Global-ის გუნდი 180+ წევრს აერთიანებს 27 ქვეყნიდან, რომლებსაც წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვთ.
(R)