
2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულებამ 3.05 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 460 მლნ ლარია.
საპენსიო სქემაში სულ 1 მლნ 195 ათასი ადამიანია გაწევრიანებული.
საპენსიო სააგენტოს იანვრის საინვესტიციო ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის ამოქმედებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2023 წლის იანვრის ჩათვლით, რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) 2.66% შეადგინა, ხოლო წმინდა ამონაგებმა - 41.85%.
საინვესტიციო ანგარიშის თანახმად, აქტივების 80.9% ლარშია განთავსებული, ხოლო 19.1% - უცხოურ ვალუტაში. დღეის მდგომარეობით, აქტივების გეოგრაფიული ალოკაცია ასეთია: 81.2% ადგილობრივი აქტივებია, 18.8% კი - უცხოური.
საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება:
- სადეპოზიტო სერტიფიკატები და ვადიანი ანაბრები - 60.8%;
- საქართველოს სახაზინო ობლიგაციები - 16.4%;
- აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები - 10.6%;
- გლობალური აქციები - 7.4%;
- მიმდინარე ანგარიშები - 3.8%;
- ევროობლიგაციები - 0.8%;
- ადგილობრივი კორპორაციული ობლიგაციები - 0.1%.
იანვრის ანგარიშის მიხედვით, აქტივების 88.6% ფიქსირებულ განაკვეთზეა მიბმული, 3.9% ცვლადზე, 7.4% კი გლობალური აქციებია.
რაც შეეხება ვადიანობას, აქტივების ნახევარზე მეტი, 57.5%, 2 და მეტი წლით არის განთავსებული. აღსანიშნავია, რომ აქტივების 58.4%-ს BB- საკრედიტო რეიტინგი აქვს.