
ნავთობისა და გაზის მზარდმა ფასებმა, გასულ წელს ენერგეტიკული ინდუსტრიის გიგანტების ფინანსურ მაჩვენებლებზე პოზიტიურად იმოქმედა.
BP-მ 2022 წელი 28 მილიარდი დოლარის რეკორდული მოგებით დაასრულა, რაც ძირითადად სწორედ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ენერგორესურსების ფასის ზრდას უკავშირდება. კომპანიამ ბაზრის ხანგრძლივი სიძლიერისადმი ნდობის ნიშნად, დივიდენდები 10%-ით გაზარდა.
მხოლოდ მეოთხე კვარტალში 4.8 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო, რაც ანალიტიკოსების შეფასებას ჩამორჩება, თუმცა საბოლოო ჯამში, კომპანია რეკორდულ მოგებაზე გავიდა. BP-მ ასევე განაცხადა 2.75 მილიარდი დოლარის აქციების გამოსყიდვის გეგმების შესახებ, მომდევნო სამი თვის განმავლობაში.
BP იმ მსხვილ ენერგოკომპანიებს შორისაა, რომლებმაც გასულ წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი დატოვეს. მსგავსი გადაწყვეტილებმა მიიღეს: Exxon Mobil-მა, TotalEnergies-მა, Equinor-მა და Shell-მა. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი ასევე რეკორდულ მოგებაზე გავიდა. კერძოდ, Shell-ის მოგებამ 2022 წელს $39.9 მილიარდს მიაღწია, რითაც 2008 წელს დაფიქსირებულ $31 მილიარდს გადააჭარბა.