
მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა Binance აცხადებს, რომ საბანკო ანგარიშებიდან აშშ დოლარის შეტანასა და გადატანას დროებით აჩერებს.
Binance-ის სპიკერის განმარტებით, აკრძალვა ოთხშაბათს ამოქმედდება. კომპანიას გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია. სიახლე სხვა ე.წ. ფიატის ვალუტების გამოყენებით საბანკო გადარიცხვებზე არ იმოქმედებს.
"აღსანიშნავია, რომ ჩვენი ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების მხოლოდ 0.01% იყენებს აშშ დოლარის საბანკო გადარიცხვებს, მაგრამ ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ სერვისი რაც შეიძლება მალე გადაიტვირთოს", - ამბობს სპიკერი ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ განცხადებაში და დასძენს, რომ პლატფორმაზე კრიპტოვალუტის ყიდვისა და გაყიდვის სხვა მეთოდები - საკრედიტო ბარათებით, Google Pay-ისა და Apple Pay-ის მეშვეობით გადახდები კვლავ შესაძლებელია.
სიახლე არ შეხებია Binance US-ს, რომელიც Binance-ის დამოუკიდებელი სუბიექტია და შექმნილია აშშ-ის მომხმარებლებისთვის.
გასულ თვეში, Binance-მა განაცხადა, რომ მისი საბანკო პარტნიორი Signature Bank განახორციელებს მომხმარებლის ტრანზაქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი $100 000-ს აღემატება. ნიუ-იორკში მდებარე ბანკმა დეკემბერში აღნიშნა, რომ კრიპტო კლიენტებისგან $10 მილიარდის მოცულობის დეპოზიტების შემცირებას გეგმავს.
Signature-ის სპიკერმა გუშინ განაცხადა, რომ მომხმარებელთან დაკავშირებულ საკითხებზე ბანკი კომენტარს არ აკეთებს.