LIVE

ღარიბაშვილის თქმით, ხუდონჰესი ისე უნდა აშენდეს, რომ სოფელი არ დაიტბოროს

06 თებ 202314:31
3 წუთის საკითხავი
clock clock 764
ღარიბაშვილის თქმით, ხუდონჰესი ისე უნდა აშენდეს, რომ სოფელი არ დაიტბოროს

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა ხუდონჰესის პროექტის მოდიფიცირებაზე მუშაობს. მისი თქმით, ხუდონჰესის პროექტის განხორციელების შემთხვევაში, სოფლის დატბორვა აღარ მოხდება.

„ხუდონის პროექტის მოდიფიცირებაზე ვმუშაობთ. ჩვენთვის საკმაოდ მგრძნობიარე საკითხი იყო, ვინაიდან არსებული პროექტის მიხედვით, იქ გათვალისწინებული იყო სოფლის დატბორვა - საფლავების, ეკლესიის. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე იქნებოდა. ამიტომ, ჩემი დავალებით, ახალ პროექტზე ვმუშაობთ, რომ ხუდონჰესი ისე აშენდეს, თუ განხორციელდება, დატბორვა აღარ იყოს აუცილებელი. შესაძლოა, სიმძლავრე ოდნავ შემცირდეს, მაგრამ ექსპერტები გვეუბნებიან, რომ გამომუშავება თითქმის იგივე შეიძლება იყოს. თუ ეს მოხდება, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო იქნება.

ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას სახელმწიფოს თანამონაწილეობით ვგეგმავთ. ამ პროექტებში მთავრობა უნდა ვიყოთ წამყვანი, რადგან მსგავსი პროექტები, სახელმწიფო მნიშვნელობისაა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

შეგახსენებთ, ხელისუფლებამ ინვესტორი კომპანიისგან ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი 13.5 მლნ დოლარად გამოისყიდა. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, პროექტის განხორციელება, წელს, სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით დაიწყება.

ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ინდურ-ინგლისურ კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ უნდა განეხორციელებინა და ამისთვის დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი დაეხარჯა. თუმცა პროექტი წლებია გაჩერებულია. ჰესის დადგმული სიმძლავრე 702 მგვტ უნდა ყოფილიყო, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი - 1.5 მლრდ კვტ/სთ.