LIVE

ლევან დავითაშვილი: სახელმწიფომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი დაიბრუნა

19 დეკ 202215:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 887
ლევან დავითაშვილი: სახელმწიფომ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი დაიბრუნა

ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ინვესტორი კომპანიისგან ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი 13.5 მლნ დოლარად გამოისყიდა. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელება 2023 წელს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით დაიწყება. 

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მოიწონა შეთანხმება ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის გამოსყიდვის შესახებ. შესაბამისად, ინვესტორ კომპანიასთან შეთანხმება შედგა და სახელმწიფომ პროექტი დაიბრუნა. ეს საშუალებას მოგვცემს, რომ პროექტის განხორციელება 2023 წელს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით დავიწყოთ. პროექტს მომავალი წლის დასაწყისიდან ხელახლა გამოვაცხადებთ. 

ასეთი მსხვილი ენერგეტიკული, სტრატეგიული პროექტები, მომავალში, როგორც წესი, საქართველოს სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ამ პროექტს განსაკუთრებული დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს საქართველოს ელექტროსისტემისთვის, მათ შორის ენგურჰესის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით.

შეგახსენებთ, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი ინდურ-ინგლისურ კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯიას“ უნდა განეხორციელებინა და ამისთვის დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარი დაეხარჯა. თუმცა პროექტი წლებია გაჩერებულია. ჰესის დადგმული სიმძლავრე 702 მგვტ უნდა ყოფილიყო, ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება კი - 1.5 მლრდ კვტ/სთ.