LIVE

ღარიბაშვილი სურსათის იმპორტიორებზე: არ შეიძლება ხალხის ხარჯზე გამდიდრება

06 თებ 202314:02
3 წუთის საკითხავი
clock clock 734
ღარიბაშვილი სურსათის იმპორტიორებზე: არ შეიძლება ხალხის ხარჯზე გამდიდრება

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ კონკურენციის სააგენტოს სურსათის ფასების შესწავლა დაავალა და შედეგმა აჩვენა, რომ ხალხს უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით შეძენა, რაც ღარიბაშვილის თქმით, მიუღებელია. 

მან მინისტრებს დაავალა, შესაბამისი სამუშაო ჯგუფი შექმნან და ორი კვირის ვადაში გამოსავალი წარუდგინონ. 

"რამდენიმე კვირის წინ, კონკურენციის სააგენტოს დავავალე სურსათის ფასების შესწავლა. მაინტერესებდა, რამდენად კეთილსინდისიერად, გონივრული მოგების მარჟებით მუშაობენ იმპორტიორები. შედეგი მართლაც იყო შემაშფოთებელი. აღმოჩნდა, რომ მაგალითად, ბრინჯის, წიწიბურას, მაკარონის, შაქრის, მარილის, ზეთის, საბითუმო ფასებზე ფასნამატი 50-60-70-80%-ია. ამას ემატება შემდეგ უკვე საცალო ფასნამატი, მინიმუმ 25-30%. გამოდის, რომ ჯამში მოსახლეობას უწევს თითქმის 100%-იანი ფასნამატით ამ პროდუქტების შეძენა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. 

მინდა ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დავავალო, სასწრაფოდ გააკეთოთ სამუშაო ჯგუფი, დაიბაროთ ყველა მსხვილი იმპორტიორი, დაიწყოთ ამ საკითხების შესწავლა და მოახდინოთ რეაგირება. მაქსიმუმ ორ კვირაში, მაგიდაზე უნდა მქონდეს სრული სურათი, შესაბამისი გამოსავლის გზებით. ვხედავ, რომ სამწუხაროდ, არაა სწორი მიდგომა იმპორტიორების მხრიდან, ამიტომ საჭიროა მათთან საუბარი. არ შეიძლება ხალხის ხარჯზე ასეთი გამდიდრება",- განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

დღესვე, ღარიბაშვილმა მოგების მაღალი მარჟების გამო ნავთობპროდუქტების იმპორტიორებიც გააკრიტიკა.