პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს მაღალი მოგების მარჟების გამო აკრიტიკებს.
მისი თქმით, მონაცემები აჩვენებს, რომ 1 ლიტრ ბენზინზე ფასნამატი თითქმის 1 ლარია, რაც მისი თქმით, მიუღებელია.
"ჩვენი ჩარევის შედეგად გარკვეულწილად შემცირდა ფასები, მაგრამ დეკემბრის მონაცემები მიდევს ახლა და აქაც ვხედავ, რომ არსებობს ძალიან მაღალი მარჟები და მაღალი მოგებით მუშაობენ ჯერ კიდევ ნავთობის იმპორტიორები, რაც ასევე მიუღებელია. ბატონო მინისტრებო, უნდა დაიბაროთ ნავთობის იმპორტიორები და აქაც მოვახდინოთ რაღაც გონივრულ ზღვარზე ჩამოწევა ფასების. არ შეიძლება 1 ლიტრ ბენზინზე 80-90 თეთრიანი, თითქმის 1 ლარამდე ფასნამატი იყოს. ამას კარგი შესწავლა სჭირდება და მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ამ ჩვენს მოწოდებას და პოზიციას ანგარიშს გაუწევენ. აუცილებელია ამ საკითხის მაქსიმალურად მოკლე დროში დარეგულირება, ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა",- განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.