
თურქეთში ინფლაციის ტემპი შენელდა და წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა იანვარში 57.68% შეადგინა, რაც საგრძნობლად აღემატება ეკონომისტების პროგნოზს. დეკემბერში ეს მაჩვენებელი 64.3% იყო.
თურქეთის სტატისტიკის ინსტიტუტის თანახმად, თვიურ ჭრილში სამომხმარებლო ფასები 6.65%-ით გაიზარდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება Reuters-ის გამოკითხვით ნავარაუდევ 3.8%-ს. ეკონომისტები 53.5%-იან წლიურ ინფლაციას ელოდნენ.
მკვეთრი ყოველთვიური ზრდა გამოწვეული იყო სადღესასწაულო დღეებში ფასების მატებით. საკვებ პროდუქტთან ერთად, გაიზარდა საზოგადოებრივი ტრანზიტის, თამბაქოს ნაწარმისა და სერვისების საფასური.
ოქტომბერში თურქეთში ინფლაციამ 24-წლიან მაქსიმუმს - 85.51%-ს მიაღწია, რაც გამოწვეული იყო ერდოღანის მიერ მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების მოთხოვნით.
ფასების ზრდის მიუხედავად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა 2021 წლიდან რეფინანსირების განაკვეთი 19%-დან 9%-მდე შეამცირა.