LIVE

წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრო 5 600 პროექტისთვის 3.6 მლრდ ლარს დახარჯავს

03 თებ 202314:11
3 წუთის საკითხავი
clock clock 528
წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრო 5 600 პროექტისთვის 3.6 მლრდ ლარს დახარჯავს

2023 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო 5 600 პროექტის განხორციელებას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი ქარსელაძესთან და მის მოადგილეებთან გამართულ სამუშაო თათბირზე აღინიშნა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ 5 600 პროექტის განსახორციელებლად 3.6 მლრდ ლარი დაიხარჯება.

სამუშაო თათბირზე აღინიშნა, რომ სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად საგზაო ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი ქვეყნის მაგისტრალური გზების განვითარება რჩება.

2023 წელს გაგრძელდება 207 კმ. მაგისტრალური გზის მშენებლობა, რისთვისაც ჯამში 6.5 მლრდ ლარი დაიხარჯება. 

რაც შეეხება წყალმომარაგების მიმართულებას, საქართველოს მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად, გაგრძელდება სამუშაოები ქვეყნის 165-ზე მეტ ადგილზე.

2023 წელს ასევე დაგეგმილია პროექტის დასრულება 70-მდე ადგილზე. სამინისტროში აცხადებენ, რომ შედეგად, 200 000 ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება. აქედან, 60 000-ზე მეტია იმ ბენეფიციარების რაოდენობა, რომლებსაც უწყვეტ წყალმომარაგებაზე მანამდე წვდომა არ ჰქონიათ.