LIVE

ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია - NDI

02 თებ 202312:07
3 წუთის საკითხავი
clock clock 302
ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია - NDI

NDI-ს კვლევის თანახმად, ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია. ქალების უმეტესობა ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია.

უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს (49%) ან შესაფერისი ანაზღაურებით (20%). ამასთან, სოფლის ტიპისა და ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში უმუშევრების უმრავლესობა ამბობს, რომ ვერ პოულობს ვერანაირ სამსახურს.

აღსანიშნავია, რომ პირველად NDI საქართველოს კვლევების ისტორიაში, ფასების ზრდა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა. ფასების ზრდასთან ერთად, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

ყოველი მესამე მოქალაქე თავს დაუცველად ეკონომიკური მიზეზების გამო გრძნობს. მათგან ვინც თავს დაუცველად გრძნობს, 55+ ასაკის მოქალაქეები ამის მიზეზად - სიღარიბეს, ხოლო ახალგაზრდების უმეტესობა კრიმინალს ასახელებს.

მოქალაქეთა უმრავლესობა ოჯახის შემოსავალს, ძირითადად, საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სესხებზე ხარჯავს. ყოველი მეორე ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია.

ამასთან, საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ და 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1.6%-ია.