
ავსტრალიის ახალ $5-იან ბანკნოტზე გაერთიანებული სამეფოს მეფეს ჩარლზ III-ს აღარ გამოსახავენ. ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა.
ავსტრალიის სარეზერვო ბანკის (RBA) თანახმად, ბანკნოტის ახალი დიზაინი ავსტრალიელების კულტურასა და ისტორიას მიეძღვნება.
ხუთდოლარიან ბანკნოტზე ამჟამად ბრიტანეთის გარდაცვლილი დედოფლის, ელისაბედ II-ის პორტრეტია გამოსახული. გასულ წელს მისმა გარდაცვალებამ გამოიწვია დისკუსიები ავსტრალიის, როგორც კონსტიტუციური მონარქიის მომავალზე.
"სარეზერვო ბანკის საბჭოს ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ავსტრალიის მთავრობასთან კონსულტაციებს, რომელიც მხარს უჭერს ამ ცვლილებას", - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
ახალი ბანკნოტის დიზაინის გამოქვეყნების დრო ჯერჯერობით უცნობია. ბანკის განცხადებით, ახალი ბანკნოტის შექმნას და დაბეჭდვას რამდენიმე წელი დასჭირდება. იქამდე მიმდინარე $5-იანი ბანკნოტის გამოშვება გაგრძელდება. მისი გამოყენება ახალი ბანკნოტის გამოშვების შემდეგაც შესაძლებელი იქნება.