LIVE

თბილისის აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა მთავრდება - რა შეიცვლება

01 თებ 202315:52
3 წუთის საკითხავი
clock clock 616
თბილისის აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობა მთავრდება - რა შეიცვლება

თბილისის აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა მალე დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ TAV Georgia ავრცელებს.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის თეა ზაქარაძის განცხადებით, აეროპორტში იგეგმება ახალი ტერმინალის მშენებლობა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის კატეგორიის შეცვლა, სამუშაოები აეროდრომზე და საჰაერო ხომალდების სადგომების დამატება.

„ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობასთან ყველა იმ დეტალს გავდივართ, რაც აეროპორტს რეალურად სჭირდება. აეროპორტის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეჯერებული იყოს ყველა ხედვა, ყველა აზრი და ყველა ის მოთხოვნა, რაც დღეს აქვს სახელმწიფოს აეროპორტებთან მიმართებაში.

განვითარების კონკრეტული გეგმა, რომელზეც ახლა ვმუშაობთ, ითვალისწინებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობას. ხედავთ, რომ ტერმინალი უკვე მოძველებულია, თითქმის 18 წლის შენობაა, პატარაა, სივრცე საკმარისი არ არის, ამიტომ იგეგმება ახალი ტერმინალის მშენებლობა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლის კატეგორიის შეცვლა, სამუშაოები აეროდრომზე, საჰაერო ხომალდების სადგომების დამატება, ძალიან მასშტაბური სამუშაოები იგეგმება, რისთვისაც დიდი ინვესტიცია განხორციელდება“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის რეგიონში აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთი წამყვანი საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანია ADP Ingénierie (ADPI) ოქტომბრიდან მუშაობს.