LIVE

ხვალიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება

31 იან 202314:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 826
ხვალიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება

პირველი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება.

მთავრობის 2022 წლის 9 დეკემბრის დადგენილებით, სხვადასხვა კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებისთვის განმეორებითი ტექინსპექტირების საფასური ასე განისაზღვრა:

  • მძიმეწონიანი სატვირთო და სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის (M2, M3, N2, N3 - კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებები) - 30 ლარი;
  • მსუბუქი სამგზავრო (M1 კატეგორია) და სატვირთო (N1 კატეგორია) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, და მისაბმელებისთვის (O3, O4) - 20 ლარი;
  • ელექტრომობილებისთვის (M1 კატეგორია) - 15 ლარი.

სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფები ტექინსპექტირების ყველა ცენტრში იდენტური იქნება. აღსანიშნავია, რომ აქამდე, 1 თვის ვადაში განმეორებითი ტექინსპექტირება უფასო იყო.

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, 2022 წელს ტექინსპექტირება საქართველოში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ნახევარმა, დაახლოებით 790 000-მა ავტომობილმა გაიარა. მეორე ნახევარი კი ტექინსპექტირებაზე არ მივიდა. წინა წელს პირველადი ინსპექტირებისას ავტომობილების დაახლოებით 30% (250 000) დახარვეზდა. იორდანიშვილის შეფასებით, ის გარემოება, რომ ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება, პირველადი ინსპექტირებისას დახარვეზებული ავტომობილების რაოდენობას შეამცირებს.