LIVE

ევროზონის ეკონომიკა იზრდება - რეცესიის აცილება შესაძლებელია

31 იან 202314:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 450
ევროზონის ეკონომიკა იზრდება - რეცესიის აცილება შესაძლებელია

ორნიშნა ინფლაციისა და უკრაინაში რუსეთის ომის მიუხედავად, მე-4 კვარტლის მოსალოდნელზე უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ევროზონას რეცესიის აცილება შეუძლია.

ევროსტატის მონაცემებით, ევროზონაში მთლიანი შიდა პროდუქტი გასული წლის ბოლო კვარტალში 0.1%-ით გაიზარდა, რაც 0.1%-ით შემცირების შესახებ ეკონომისტების შეფასებებს ეწინააღმდეგება. გასულ წელთან შედარებით, ზრდა 1.9%-ს შეადგენს.

მონაცემები აჩვენებს, რომ გერმანიასა და იტალიაში წარმოება შემცირდა, მაგრამ გაიზარდა საფრანგეთსა და ესპანეთში. მოსალოდნელზე უკეთესი აღმოჩნდა ირლანდიის მაჩვენებლებიც, რომლებიც გუშინ გამოქვეყნდა.  

ევროზონა, რომელიც 1 იანვრიდან ხორვატიის შეერთებით 20 ქვეყნამდე გაფართოვდა, უკრაინის ომით გამოწვეულ რეკორდულ ინფლაციას ებრძვის. ევროპის ქვეყნების მთავრობები ოჯახების და ბიზნესის დასახმარებლად, მილიარდობით ევროს ხარჯავენ. ვითარებას ამსუბუქებს ევროპისთვის უჩვეულოდ თბილი ზამთარი და ენერგეტიკაზე ნაკლები მოთხოვნა.  

ეკონომიკური ზრდის უახლესი მონაცემები ცხადყოფს, რომ ევროზონა ახერხებს დაძლიოს საწვავის დეფიციტის რისკი.

ამასთან, ეკონომისტები კვლავ ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში შესაძლოა, გამომუშავება შემცირდეს.