LIVE

ვის დაუბრუნებს USA2GEORGIA ზედმეტად გადახდილ თანხას - კონკურენციის სააგენტოს განმარტება

30 იან 202317:06
3 წუთის საკითხავი
clock clock 1673
ვის დაუბრუნებს USA2GEORGIA ზედმეტად გადახდილ თანხას - კონკურენციის სააგენტოს განმარტება

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსა და USA2GEORGIA-ს შორის მომხმარებლის სასარგებლოდ პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს და ასახელებს პირობებს, როდესაც USA2GEORGIA მომხმარებლებს ამანათების ტრანსპორტირების საფასურის გამოთვლის წესის ცვლილებით გამოწვეულ ზედმეტ თანხას აუნაზღაურებს.  

"USA2GEORGIA-მ აიღო ვალდებულება - მომხმარებლებს, რომლებმაც 2022 წლის 25 ოქტომბრიდან 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით, ამანათები შეიძინეს, ტრანსპორტირების ღირებულება რეალური წონის მიხედვით დაუანგარიშდეს და ზედმეტად გადახდილი თანხა მომხმარებელს დაუბრუნდეს. მიუხედავად იმისა, მომხმარებელს ე.წ. „გადაფუთვის“ სერვისი ჰქონდა თუ არა მონიშნული.

აღნიშნული გადაწყვეტილება გავრცელდება მომხმარებლებზე:

• რომლებსაც კუთვნილი ამანათები მოვაჭრის საქართველოში მდებარე ოფისიდან ჯერ არ გაუტანიათ;

• რომლებმაც კუთვნილი ამანათები მოვაჭრის საქართველოში მდებარე ოფისიდან გაიტანეს და ტრანსპორტირების ღირებულება ამანათის მოცულობითი წონის მიხედვით გადაიხადეს;

• რომლებმაც კუთვნილი ამანათები მოვაჭრის საქართველოში მდებარე ოფისიდან გაიტანეს და ტრანსპორტირების ღირებულება ამანათის მოცულობითი წონის მიხედვით გადაიხადეს, თუმცა კომპანიისგან გარკვეული რაოდენობის ფასდაკლება მიიღეს;

• რომელთაც 2023 წლის 25 იანვრის ჩათვლით შეიძინეს პროდუქცია და გადამზიდ-ექსპედიტორ კომპანიად USA2GEORGIA მიუთითეს, თუმცა მათი ამანათების ტრანსპორტირება საქართველოში ჯერ არ დასრულებულა (გარდა იმ ამანათებისა, რომელთა მოცულობითი წონა 10 კგ-ს აღემატება და რომლებთან მიმართებაშიც წონის მოცულობითი გამოთვლის პრინციპი აშშ-ს საწყობიდან გამოგზავნამდე, წინასწარ, ინდივიდუალურად არის მომხმარებელთან შეთანხმებული)", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში. 

მომხმარებლებს განაცხადის შევსება 26 მარტამდე შეეძლებათ. შეთანხმება ეხება იმ პირებსაც, ვინც USA2GEORGIA-ს საიტზე თავისი პროფილი უკვე გააუქმეს. 

სააგენტო ასევე განმარტავს, რომ USA2GEORGIA-მ აიღო ვალდებულება, მომავალში მომხმარებლებს პირობების (მათ შორის, მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკის) შეცვლის შემთხვევაში, წინასწარ, ელექტრონული ფოსტისა და ე.წ. პირად ოთახში შეტყობინების გაგზავნის გზით მიაწოდოს.

იმ შემთხვევაში, თუ USA2GEORGIA ხელშეკრულების პირობებს ჯეროვნად არ შესრულებს, სააგენტო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედებს. 

კონკურენციის სააგენტომ Usa2Georgia-ს წინააღმდეგ საქმის შესწავლა გასულ თვეში დაიწყო. მომხმარებლები აცხადებენ, რომ Usa2Georgia-მ ამანათების წონის გამოთვლის წესი, მათი გაფრთხილების გარეშე, შეცვალა.  

2022 წლის 15 ნოემბრამდე Usa2Georgia ამანათის ჩამოტანის ღირებულებას მხოლოდ რეალური წონით ითვლიდა. ცვლილების შემდეგ, ამანათის ღირებულების გამოთვლაში ყურადღება მის ზომებსაც ექცევა, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, ამანათების ჩამოტანის საფასური მნიშვნელოვნად გაიზარდა.