LIVE

Usa2Georgia მომხმარებლებს ტრანსპორტირების დამატებითი ხარჯის ანაზღაურებას ჰპირდება

28 იან 202310:53
3 წუთის საკითხავი
clock clock 1174
Usa2Georgia მომხმარებლებს ტრანსპორტირების დამატებითი ხარჯის ანაზღაურებას ჰპირდება

Usa2Georgia ასობით მომხმარებელს ჰპირდება, რომ სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას, რისთვისაც მათ სპეციალური განაცხადი უნდა შეავსონ.

კომპანიის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით მიიღო.

"ჩვენი ბრენდის მთავარი ღირებულება - ადამიანების სიყვარულია, კიდევ დიდი გზა და ბევრი წლები გვაქვს ერთად გასავლელი, ერთმანეთთან ნებისმიერ ფორმატში დავას გვირჩევნია წარმოქმნილ გაუგებრობას, ჩვენმა გუნდმა უპასუხოს - ურთიერთგაგებითა და 100%-იანი პასუხისმგებლობით.

გვსურს, მივმართოთ Usa2Georgia-ს მომხმარებელთა იმ ნაწილს, რომელიც თვლის, რომ სახელშეკრულებო ცვლილების შესახებ ინფორმაცია დროულად არ მიუღია - შეავსოს კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური განაცხადის ფორმა. კომპანიის მენეჯმენტი ჰპირდება მომხმარებლებს, რომ უსწრაფესად განიხილავს თითოეულ შემთხვევას და მოცულობით წონასთან დაკავშირებით გაწეული დამატებითი ხარჯი, მოკვლევის შემდეგ დაუყოვნებლივ აუნაზღაურდება", - აღნიშნულია განცხადებაში. 

განცხადებაში კომპანია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამანათის ტრანსპორტის ხარჯის მხოლოდ მოცულობით დაანგარიშება სააქციო შეთავაზება იყო და ამას ის წლების განმავლობაში საოპერაციო ხარჯებიდან ანაზღაურებდა, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე გადაზიდვების მიმართულებით გაზრდილი ფასებისა და გამკაცრებული რეგულაციების ფონზე, მოცულობითი წონის აქციის მუდმივი შენარჩუნება შეუძლებელია. Usa2Georgia აცხადებს, რომ მომხმარებლებს გამოსავლის სახით სთავაზობს ამანათების ზომაში შემცირების ე.წ. "გადაფუთვის" სერვისს.

კონკურენციის სააგენტომ Usa2Georgia-ს წინააღმდეგ საქმის შესწავლა გასულ თვეში დაიწყო. მომხმარებლები აცხადებენ, რომ Usa2Georgia-მ ამანათების წონის გამოთვლის წესი, მათი გაფრთხილების გარეშე, შეცვალა. 

2022 წლის 15 ნოემბრამდე Usa2Georgia ამანათის ჩამოტანის ღირებულებას მხოლოდ რეალური წონით ითვლიდა. ცვლილების შემდეგ, ამანათის ღირებულების გამოთვლაში ყურადღება მის ზომებსაც ექცევა, რის გამოც, ხშირ შემთხვევაში, ამანათების ჩამოტანის საფასური მნიშვნელოვნად გაიზარდა.