LIVE

ადანის კომპანიების ღირებულება $51 მილიარდით შემცირდა

27 იან 202317:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 470
ადანის კომპანიების ღირებულება $51 მილიარდით შემცირდა

ინდოელი მილიარდერის, გაუტამ ადანის შვიდი კომპანიის აქციების ფასი, ოთხშაბათის შემდეგ, ვაჭრობის ორ სესიაში $51 მილიარდზე მეტად შემცირდა. მისი ზოგიერთი კომპანიის დანაკარგმა 20%-ს მიაღწია. 

შედეგად, Bloomberg-ის მილიარდერების სიის მიხედვით, ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სამეულში აღარ შედის. $113 მილიარდით ის სიის მე-4 ადგილს იკავებს. მას $123 მილიარდით ჯეფ ბეზოსი უსწრებს.

ინვესტორების მიერ კომპანიების აქციების სწრაფი გაყიდვა და ფასის ვარდნა საინვესტიციო კომპანია Hindenburg Research-ის ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა. ანგარიშის თანახმად, აზიის უმდიდრესმა ადამიანმა ქონება ბაზარზე მანიპულირებითა და თაღლითობით გაზარდა. 

ადანის კორპორაციის ადვოკატებმა ანგარიშში მოყვანილი ფაქტები უარყვეს და განაცხადეს, რომ Hindenburg Research-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებენ.  

"Hindenburg Research-ის დასჯის მიზნით, ვსწავლობთ აშშ-ისა და ინდოეთის კანონმდებლობას", - განაცხადა Adan Group-ის იურიდიულმა ხელმძღვანელმა ჯატინ ჯალუნდჰვალამ.

2022 წელს, როდესაც დასავლელი მილიარდერების ქონება შემცირდა, ადანის ქონების ღირებულება თითქმის გაორმაგდა და $64.8 მილიარდიდან $141.4 მილიარდამდე გაიზარდა. ის პირველი აზიელი ადამიანი გახდა, რომელიც Bloomberg-ის მილიარდერთა ინდექსის სამეულში მოხვდა

ადანის ბიზნესი ფოკუსირდება იმაზე, რასაც ინდოეთის პრემიერი ნარენდრა მოდი ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური მიზნებისთვის კრიტიკულად მიიჩნევს.

ადანის კონგლომერატი მოიცავს მონაცემთა ცენტრებს თუ ცემენტის წარმოებას, მედიას თუ ალუმინის ნაწარმს. ჯგუფი ახლა ფლობს ინდოეთის უმსხვილეს კერძო პორტსა და საჰაერო ხომალდების მოვლის ორგანიზაციას, ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელს და ქვანახშირის მაღაროს.  

კარმაიკლის ქვანახშირის მაღაროს პროექტის გამო, მილიარდერს გარემოსდამცველები ხშირად აკრიტიკებენ. ნოემბერში ადანიმ პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის $70 მილიარდს მწვანე ენერგიაში ჩადებს და მსოფლიოში განახლებადი ენერგიის უდიდესი მწარმოებელი გახდება. 

მას შემდეგ, რაც ადანის იმპერია იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს კონგლომერატად, მის ქონებასთან დაკავშირებული განხილვებიც იმატებს. CreditSights-ის ანგარიშის მიხედვით, ადანის გარიგებები ძირითადად ფინანსდება ვალით და მისი იმპერია მეტისმეტად ემყარება ნასესხებ კაპიტალს.  

ზოგიერთი კანონმდებელი და ბაზრის დამკვირვებელი აქციონერთა გაუმჭვირვალე სტრუქტურებზე მიუთითებს.