LIVE

პასუხისგებაში 5 პირი მისცეს, რომლებმაც ბიუჯეტს 231 000 ლარის ზიანი მიაყენეს

27 იან 202310:18
3 წუთის საკითხავი
clock clock 7609
პასუხისგებაში 5 პირი მისცეს, რომლებმაც ბიუჯეტს 231 000 ლარის ზიანი მიაყენეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, მოტყუებით ქონებრივი დაზიანების, გულგრილობისა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტებზე, პასუხისგებაში 5 პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, ურთიერთშორის გაწერეს ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, თითქოსდა განახორციელეს მარცვლეულის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები, რა გზითაც უსაფუძვლოდ შეიქმნეს 150 961 ლარის ოდენობის დღგ-ს ყალბი აქტივი, რომელიც შემდეს გამოიყენეს მიმდინარე გადასახადების დასაფარად.

„ამავდროულად, 2022 წლის აგვისტო-ოქტომბრის პერიოდში, ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ორი კომპანიის სახელით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 447 742 ლარის საბაჟო ღირებულების 476 347 კილოგრამი არადეკლარირებული ხორბალი“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

უწყების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ქმედებით, სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებულმა ზიანმა ჯამში დაახლოებით 231 000 ლარი შეადგინა. მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტში ზიანის ანაზღაურების სახით 170 000 ლარი აქვს შეტანილი.

საგამოძიებო სამსახურში აღნიშნავენ, რომ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილებისა და სახელმწიფო ბიუჯეტზე მიყენებული დარჩენილი ზიანის დაფარვის უზრუნველსაყოფად.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე, 185-ე, 220 პრიმა და 214-ე მუხლებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.