LIVE

IMF უკრაინისთვის $16-მილიარდიანი პაკეტის გამოყოფას განიხილავს

27 იან 202310:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 250
IMF უკრაინისთვის $16-მილიარდიანი პაკეტის გამოყოფას განიხილავს
Spencer Platt/Getty Images

საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) უკრაინისთვის მრავალწლიანი დახმარების პაკეტის სახით $16 მილიარდის გამოყოფას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს

განხორციელდება თუ არა პროგრამა დამოკიდებულია მთელ რიგ პირობებზე, მათ შორის "დიდი შვიდეულის", ასევე უკრაინის დონორებისა და კრედიტორების მხარდაჭერაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის ვალების მდგრადობას.

დამტკიცების შემთხვევაში, სამ-ოთხწლიანი პროგრამა საერთო ჯამში $14-დან $16 მილიარდამდე დახმარებას ითვალისწინებს. წყაროების თქმით, ამ თანხიდან უკრაინა პირველ წელს $5-7 მილიარდს მიიღებს.

შესაძლოა, გეგმა მარტის ბოლოსთვის შეთანხმდეს. მაშინ პირველი ტრანში, საუკეთესო შემთხვევაში, აპრილში გადაირიცხება. 

იმისათვის, რომ ომით დაზარალებული ქვეყნისთვის ფონდმა სესხის გაცემა შეძლოს, გეგმა ასევე მოითხოვს ცვლილებებს სავალუტო ფონდის დაკრედიტების წესებში, ხოლო უკრაინის მთავრობას მის მისაღებად რიგი ღონისძიებების გატარება დასჭირდება. 

გამოცემის ინფორმაციით, თუ IMF-ის წევრები გეგმაზე ვერ შეთანხმდებიან, ფონდს შეუძლია, რომ უკრაინას $1.3-მილიარდიანი სწრაფი დაფინანსების ინსტრუმენტის პროგრამით დაეხმაროს.

სავალუტო ფონდის გასული თვის შეფასებით, მიმდინარე წელს უკრაინას მინიმუმ $39,5-მილიარდის მოცულობის გარე მხარდაჭერა სჭირდება. 

ერთ-ერთი წყაროს შეფასებით, რუსეთის უახლესი თავდასხმების შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, უკრაინას წელს დაახლოებით $8 მილიარდზე მეტი დასჭირდება.

უკრაინა ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების სახით მიმდინარე წელს $19,5 მილიარდს ელის. აშშ-ისგან ქვეყანა, სავარაუდოდ, $10 მილიარდს მიიღებს.