LIVE

ჰაერის ხარისხის გაუარესების გამო, ბანგკოკში მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებენ

27 იან 202313:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 328
ჰაერის ხარისხის გაუარესების გამო, ბანგკოკში მოსახლეობას სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებენ

ბანგკოკში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ ქალაქში, ჰაერის ხარისხის გაუარესების გამო, ხელისუფლებამ მოსახლეობას მოუწოდა, სახლებიდან იმუშაონ და გარეთ გამოსვლისას რესპირატორული ნიღბები ატარონ. 

ბანგკოკის გუბერნატორის, ჩადჩარტ სიტიპუნტის თქმით, სახლიდან უნდა იმუშაოს ყველამ, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ხოლო ისინი, ვისაც გადაადგილება ესაჭიროება, პირადი სატრანსპორტო საშუალების ნაცვლად, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უნდა გადაადგილდეს. 

მისივე თქმით, ხელისუფლება შეეცდება გააკონტროლოს ისეთი ქმედებები, რაც ჰაერში მტვრის ნაწილაკების გამოფრქვევას იწვევს. 

ტაილანდის დედაქალაქში შაბათ-კვირის შემდეგ ჰაერის ხარისხი ძირითადად "არაჯანსაღ დონეზეა". მიუხედავად იმისა, რომ 25 იანვარს ჰაერის ხარისხი "ზომიერი" იყო, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ რომ საშიში მტვრის ნაწილაკებმა, რომელიც PM 2.5 სახელით არის ცნობილი, უსაფრთხო დონეს კვირის ბოლოს შესაძლოა, კვლავ გადააჭარბოს. 

ბანგკოკი და ტაილანდის სხვა ქალაქები წლებია ჰაერის დაბინძურებას უჩივიან. ვითარება განსაკუთრებით უარესდება მშრალ სეზონზე - დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით. მოსალოდნელია, რომ მიმდინარე წელს ჰაერის დაბინძურების ყველაზე უარესი ეტაპი მომავალ თვეში დაფიქსირდება და საფრთხე შესაძლოა, აპრილამდეც გაგრძელდეს. 

მიმდინარე კვირაში ტაილანდის საავადმყოფოებში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული მიზეზებით პაციენტების მიმართვიანობა გაორმაგდა და თითქმის 213 000-ს მიაღწია.