თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიის მოწესრიგება დედაქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
მისი განცხადებით, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა არ დაინგრევა და ის დაგეგმილ განაშენიანებას შეერწყმება.
„დედაქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიის მოწესრიგება, რადგან თბილისის ცენტრალური ნაწილია და რა თქმა უნდა, არავის სიამოვნებს თუ როგორ გამოიყურება არსებული ტერიტორია.
რაც შეეხება პროექტს, ძალიან მაგარი პროექტი იქნება. დედაქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება. რა თქმა უნდა, ასეთი პროექტების განხორციელებას მივესალმებით.
უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ნარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა და მეტიც, ტერიტორია მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოეცემა. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის. მუნიციპალიტეტი, რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად, თქვენი ჩართულობით, მოახდენს არსებული სივრცის მოწესრიგებას. ერთად განვსაზღვროთ თუ როგორი ფორმით განვახორციელოთ აღდგენითი სამუშაოები, რეაბილიტაცია, როგორ უნდა იყოს გაკეთებული. მოვიწვევთ არქიტექტორებს, დიზაინერებს და საზოგადოების ჩართულობით მოხდება არსებული სივრცის რეაბილიტაცია“, - განაცხადა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
შეგახსენებთ, მასშტაბურ მშენებლობას, რომელიც „ქართუს“ დაკვეთით, გმირთა მოედანზე დაიწყება, ბიძინა ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილი ხელმძღვანელობს. პროექტი უკვე მერიაშია.
ორი 65-სართულიანი ბეტონის ცათამბჯენი, ბიზნეს ობიექტებითა და საცხოვრებელი ფართებით - „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ, ძველი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს.