LIVE

კადრების სიმცირე და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა - მსხვილი ბიზნესის გამოწვევები

24 იან 202311:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 725
კადრების სიმცირე და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა - მსხვილი ბიზნესის გამოწვევები

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ბიზნესის განწყობის ინდექსის თანახმად, 2023 წლის I კვარტალში, მსხვილი საწარმოების მთავარი გამოწვევა კვალიფიციური სამუშაო ძალის სიმცირე და ფინანსებზე დაბალი ხელმისაწვდომობაა.

რაც შეეხება მცირე და საშუალო ბიზნესებს, ისინი ძირითად გამოწვევებად ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და მოთხოვნის სიმცირეს ასახელებენ.

ISET-ის მიხედვით, 2023 წლის I კვარტლისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 8.4 პუნქტით გაიზარდა და 20.1-ს გაუტოლდა. ბიზნესის განწყობის ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა საფინანსო სექტორში (35.6) დაფიქსირდა. ISET-ის თანახმად, BCI-ის დადებითი ცვლილება გაუმჯობესებულმა მიმდინარე მდგომარეობამ და მომავლისადმი მოლოდინებმა განაპირობა.

მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტლის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით, 4.3 პუნქტით გაიზარდა და 2023 წლის I კვარტლისთვის 14.7-ს გაუტოლდა. მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი ყველაზე მაღალია მრეწველობის (37.6) სექტორში.

ბიზნესის მოლოდინების ინდექსი, რომელიც გვიჩვენებს, რამდენად ოპტიმისტურად არის განწყობილი ბიზნეს სექტორი მომავლის მიმართ, მნიშვნელოვნად გაიზარდა და 34.9 პუნქტს მიაღწია. 2023 წლის I კვარტლისთვის მოლოდინების ინდექსის ყველაზე მაღალი მნიშვნელობა მრეწველობის სექტორში (62.5) დაფიქსირდა.

გასაყიდი ფასების მოლოდინების ინდექსი 5.6-ით შემცირდა და 22.3 პუნქტი შეადგინა. ISET-ის განცხადებით, ეს მაჩვენებელი გვიჩვენებს, რომ ბიზნესების წილი, რომელიც მომდევნო სამ თვეში ვარაუდობს ფასის მატებას საკუთარ პროდუქტზე, შემცირდა.