LIVE

ტექნიკით ვაჭრობაში მომხმარებლის უფლებების დარღვევის პირველი ფაქტი დადასტურდა

23 იან 202316:44
3 წუთის საკითხავი
clock clock 428
ტექნიკით ვაჭრობაში მომხმარებლის უფლებების დარღვევის პირველი ფაქტი დადასტურდა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ტექნიკით ვაჭრობის სექტორში მომხმარებლის უფლებების კანონის დარღვევის პირველი ფაქტი დაადასტურა.

კერძოდ, საქმე ეხება ე.წ. ჭკვიან მტვერსასრუტებს, რომლებიც მომხმარებლებმა  „ნიუ ბოტისგან“ შეიძინეს.

"სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულებისა და დისტანციურ ხელშეკრულებაზე ან/და სარეწის გარეთ დადებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დარღვევის ფაქტი დადასტურდა. შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

საქმესთან დაკავშირებით, სააგენტოს განცხადებით სამმა განმცხადებელმა მომართა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მოვაჭრისგან დისტანციურად ე.წ. ჭკვიანი მტვერსასრუტი შეიძინეს, თუმცა შეძენილი საქონელი მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდა. მომხმარებლები მიუთითებდნენ, რომ საქონლის შეძენამდე მოვაჭრეს ინფორმაცია საქონლის მახასიათებლების თაობაზე არ მიუწოდებია, ასევე მათ არ ჰქონიათ ინფორმაცია საგარანტიო სერვისის და პირობების სარგებლობის თაობაზე.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ეკისრება ჯარიმა. ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში",- აღნიშნავენ სააგენტოში.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე, სააგენტოში სულ შესულია - 110 განაცხადი. საქმის შესწავლა 60 მათგანზეა დაწყებულია. მომხმარებლის სასარგებლოდ გაფორმდა 11 პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება.