LIVE

პარიზსა და ბერლინს შორის მაღალსიჩქარიანი მატარებლები ამოქმედდება

23 იან 202319:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 6012
პარიზსა და ბერლინს შორის მაღალსიჩქარიანი მატარებლები ამოქმედდება

საფრანგეთ და გერმანია სარკინიგზო კავშირების გაძლიერებას გეგმავენ

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის პარიზში შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნებული ერთობლივი დეკლარაციის თანახმად, ქვეყნები მხარს უჭერენ პარიზსა და ბერლინს შორის მაღალსიჩქარიანი მატარებლის მარშრუტის, ასევე ღამის მატარებლის ამოქმედებას. ორივე მათგანი 2024 წლისთვის იგეგმება.

ქვეყნები ასევე გეგმავენ, რომ მომავალ წელს ახალგაზრდებს დაბალფასიანი სარკინიგზო ბილეთები შესთავაზონ.  

ლიდერების განცხადებამდე, ფრანგულმა SNCF-მა და გერმანულმა Deutsche Bahn-მა დააანონსა, რომ წლის ბოლოდან ქალაქებს შორის მაღალსიჩქარიანი მატარებლები ამოქმედდებოდა. ეს შესაძლებლობა განსაკუთრებით მიმზიდველია მოგზაურებისთვის, რომლებიც გადაადგილების ეკოლოგიურ გზას ირჩევენ. 

ამჟამად პარიზსა და ბერლინს შორის მატარებლით მგზავრობას მინიმუმ 8 საათი სჭირდება. აღსანიშნავია, რომ პარიზი და ფრანკფურტი ერთმანეთს ჩქაროსნული მატარებლით უკვე უკავშირდება.  

მაკრონი და შოლცი პარიზში გუშინ, ელისეს ხელშეკრულების ხელმოწერის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეხვდნენ.