LIVE

გლობალური შეთანხმების საქართველო ქსელისა და Georgia Today ჯგუფის ორგანიზებით, ბიზნესისა და ადამიანის უფლებების ფორუმი გაიმართა

20 იან 202316:24
3 წუთის საკითხავი
clock clock 335
გლობალური შეთანხმების საქართველო ქსელისა და Georgia Today ჯგუფის ორგანიზებით, ბიზნესისა და ადამიანის უფლებების ფორუმი გაიმართა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და მსოფლიოში წამყვანი გამოცემა „ეკონომისტის“ ლიცენზიანტის, „Georgia Today“ ჯგუფის ორგანიზებით, 18 იანვარს,  სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ „ბიზნესისა და ადამიანის უფლებების ფორუმი 2023“ გაიმართა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა, „Georgia Today“ ჯგუფის დამფუძნებელმა და ჟურნალ „ეკონომისტის“ გამომცემელმა საქართველოში გიორგი შარაშიძემ და „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ გენერალურმა მენეჯერმა ივა ტრიფონოვმა გახსნეს.

„ბიზნესისა და ადამიანის უფლებების საკითხი 2016 წელს ინტეგრირებულ იქნა ადამიანის უფლებათა ეროვნულ სამოქმედო გეგმაში, ეს ჩანაწერი არსებობს 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმაშიც, რაც გულისხმობს ამ მიდგომის წახალისებას სახელმწიფოს მხრიდან ბიზნეს სექტორში. აღნიშნული თემა ფიგურირებს წელსაც, ახალ სტრატეგიაში და შესაბამისად, სამოქმედო გეგმაში. აქედან გამომდინარე, ამ კუთხით მუშაობას აქტიურად გავაგრძელებთ. მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი მიმოვიხილოთ, თუ რა ხდება პოლიტიკის დონეზე და როგორ უწყობს ხელს ბიზნეს სექტორი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას, როგორც დასაქმების ადგილზე, ისე ბაზარზე და საზოგადოებაში“, - განაცხადა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა.

„ჩემთვის, როგორც გაზეთ „Georgia Today“-სა და „Georgia Today Group“-ის დამფუძნებლისთვის, დიდი პატივია ვიყო ერთ-ერთი პარტნიორი ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისა, რომელიც გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებზე მსჯელობას ეძღვნება“, - განაცხადა „Georgia Today” ჯგუფის დამფუძნებელმა და ჟურნალ „ეკონომისტის“ გამომცემელმა საქართველოში გიორგი შარაშიძემ.

ფორუმის პირველ ნაწილში, პრემიერმინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებების საკითხებში ნიკო თათულაშვილმა, ბიზნესისა და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრა. 

ღონისძიება პანელური დისკუსიით გაგრძელდა. კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოში გაეროს მდგრადი განვითარების მერვე - ღირსეული სამუშაოსა და ეკონომიკური ზრდის მიზნის შესრულების შესახებ ისაუბრეს. მეორე პანელი კი დასაქმების ადგილას მრავალფეროვანი და ინკლუზიური გარემოს შექმნის შესახებ მსჯელობას დაეთმო.

ბიზნესისა და ადამიანის უფლებების ფორუმი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის პროექტის - „ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.

ღონისძიების პარტნიორები იყვნენ „Georgia Today“ და „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“.