LIVE

China Evergrande-ის ხელმძღვანელმა ორ წელში $39 მილიარდი დაკარგა

21 იან 202316:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 363
China Evergrande-ის ხელმძღვანელმა ორ წელში $39 მილიარდი დაკარგა

გასული რამდენიმე წელი ჩინეთის სუპერ მდიდრებისთვის გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც თავის დროზე უძრავი ქონების ბაზრის ბუმის წყალობით გამდიდრდა.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, დეველოპერული კომპანიის China Evergrande-ის თავმჯდომარემ, ჰუი კა იანიმ სიმდიდრის 93% დაკარგა. ოდესღაც აზიის მეორე უმდიდრესი ადამიანის, ჰუი კა იანის სიმდიდრე 42 მილიარდი დოლარიდან 3 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.

Evergrande დღეს ჩინეთის ყველაზე დიდი დავალიანების მქონე დეველოპერია, 300 მილიარდი დოლარის ვალდებულებებით და 2021 წლიდან მოყოლებული ქვეყნის უძრავი ქონების პრობლემების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტიც. ჰუიმ კომპანიის გადარჩენის მიზნით საკუთარი კერძო სახლები თუ თვითმფრინავებიც კი გაყიდა, თუმცა არც ეს აღმოჩნდა საკმარისი.

გასულ წელს Evergrande-მა ​ვერ შეძლო ვალების რესტრუქტურიზაციის წინასწარი გეგმის მიწოდება, რამაც მის მომავალთან დაკავშირებით მორიგი შეშფოთება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ Evergrande მსხვილი კომპანიაა და მასში დაახლოებით 200 000 თანამშრომელია დასაქმებული. 2020 წელს კომპანიამ 110 მილიარდ დოლარზე მეტი გაყიდვების მაჩვენებელი დააფიქსირა.

ანალიტიკოსები უკვე დიდი ხანია შეშფოთებულნი არიან, რომ Evergrande-ის კოლაფსმა შესაძლოა ზოგადად ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარზე უფრო ფართო რისკები გამოიწვიოს, რაც ქვეყნის ფინანსურ სისტემაზეც პირდაპირ აისახება. უძრავი ქონება და მასთან დაკავშირებული მრეწველობა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ს შეადგენს.

თუმცა ჰუი არ არის ერთადერთი, ვინც ბოლო დროს საკუთარი სიმდიდრის მასიური განადგურება ნახა. Bloomberg-ის მიხედვით, Tesla-ს, SpaceX-ისა და Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც გასულ თვეში $200 მილიარდის ქონება დაკარგა. მასკის სიმდიდრის ძირითადი ნაწილი Tesla-სთანაა დაკავშირებული, 2022 წელს კი კომპანიის აქციები 65%-ით დაეცა.