LIVE

მელიქიძე: მსხვილ პროექტებში ინვესტირება საინტერესოა, თუმცა მაღალრისკიანი

13 იან 202318:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 411
მელიქიძე: მსხვილ პროექტებში ინვესტირება საინტერესოა, თუმცა მაღალრისკიანი

საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის, გოგა მელიქის განცხადებით, საპენსიო ფონდისთვის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები საინვესტიციოდ საინტერესო მიმართულებაა, თუმცა მსგავსი პროექტები მაღალი რისკიანობის საინვესტიციო ინსტრუმენტს მიეკუთვნება.

როგორც საპენსიო სააგენტოში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, ფონდისთვის ისეთი დარგები, როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა, ენერგეტიკა საინტერესოა. თუმცა გოგა მელიქიძის თქმით, ამ ეტაპზე საპენსიო დანაზოგების რომელიმე კონკრეტულ პროექტში ინვესტირება არ განიხილება და ეს გადაწყვეტილება მომავალში არაერთ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

„გლობალურად საპენსიო ფონდებისთვის ისეთი სექტორები როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა, ენერგეტიკა და მსგავსი გრძელვადიანი პროექტები საინტერესო მიმართულებაა. იგივე დამოკიდებულება გვაქვს ჩვენც ასეთი მსხვილი პროექტების მიმართ და თუკი კარგი, სტრატეგიული ინვესტორი იქნება, ჩვენთვისაც საინტერესო იქნება, რომ ასეთ გრძელვადიან, 10-15 წლიან პროექტში შევიდეთ. კონკრეტული პროექტის დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან საბოლოო ინვესტირების გადაწყვეტილება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული. კონკრეტული პროექტების განხილვას რომ დაიწყებ, შესაძლოა, იმდენად დიდი რისკები დაინახო, პროექტის უკუგება, რენტაბელურობა არ მოგეწონოს, რომ საერთოდ ვერ შედგეს ინვესტირება. ჩვენთან კონკრეტული პროექტები არ განხილულა, თუმცა როგორც გრძელვადიან საინვესტიციო ფონდს, ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული პროექტები გვაინტერესებს და ეს თანხების დივერსიფიცირების კარგი საშუალებაა. თუმცა ყველა ასეთი პროექტი, რომელიც ნულიდან იწყება გაცილებით რისკიანია, ვიდრე მაგალითად, ობლიგაციები და აქციები“, - განაცხადა გოგა მელიქიძემ.

მოქალაქეების საპენსიო დანაზოგებით შესაძლოა მსხვილი საინვესტიციო პროექტები დაფინანსდეს. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიმართულება, რომლითაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მანდატის გაფართოება იგეგმება. როგორც საპენსიო სააგენტოში განმარტავენ, მანდატის გაფართოების შემდეგ პირდაპირი ინვესტირება მხოლოდ ისეთ პროექტებში მოხდება, რომლებშიც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და სტრატეგიული ინვესტორები იქნებიან ჩართული. ამასთან, სააგენტო საინვესტიციო პროექტების დაფინანსებაში მაქსიმუმ 1/3-იანი წილით შევა.

ამასთან, მთავრობა ისეთი მსხვილი პროექტების დაფინანსების ერთ-ერთ წყაროდ, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ხუდონჰესი, სწორედ საპენსიო დანაზოგებს მოიაზრებს.

2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია.