საქართველოს მოქალაქეების საპენსიო დანაზოგით შესაძლოა, კერძო საინვესტიციო პროექტები დაფინანსდეს.
როგორც საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადა, სააგენტო საინვესტიციო პროექტების დაფინანსებაში მაქსიმუმ 1/3-იანი წილით შევა.
მისი განმარტებით, საუბარია ისეთ პროექტებზე, რომლებშიც საერთაშორისო სანდოობის მქონდე საფინანსო და სტრატეგიული ინვესტორები იქნებიან ჩართული.
„გეგმაა, რომ საპენსიო ფონდმა შეძლოს, საერთაშორისო საფინანსო და სტრატეგიულ ინვესტორებთან ერთად, კერძო პროექტების საინვესტიციოდ განხილვა. პორტფელის მაქსიმუმ 10% შეიძლება მიემართოს კერძო ინვესტირებისკენ. აქამდე დაბალრისკიან პორტფელში ეს არ შეგვეძლო, რადგან კერძო პროექტები ალტერნატიული აქტივების კლასებს მიეკუთვნება“,- ამბობს მელიქიძე.
მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა სააგენტოს საინვესტიციო მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების მხარდაჭერის შემთხვევაში, კერძო პროექტებთან ერთად, შესაძლებელი გახდება ვენჩურული კაპიტალის ფონდებში შესვლა, ასევე იპოთეკით უზრუნველყოფილ ობლიგაციებში, ე.წ. ქავერდ ბონდებში ინვესტირება.
9 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეების მთლიანი საპენსიო დანაზოგი 2.78 მილიარდი ლარია. მათ შორის, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 397 მილიონ ლარს შეადგენს.
ფონდმა 2022 წლის მარტიდან აშშ დოლარის შესყიდვა დაიწყო და 31 ოქტომბრის მდგომარეობით, საინვესტიციო პორტფელის 17.5% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 82.5% - ლარში.
საინვესტიციო პორტფელი დეტალურად ასე გამოიყურება:
- სადეპოზიტო სერტიფიკატები და ვადიანი ანაბრები - 65.4%;
- ადგილობრივი სახაზინო ობლიგაციები - 13.5%;
- აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები - 8.7%;
- გლობალურ აქციები - 7.9%;
- მიმდინარე სარგებლიანი ანგარიშები - 3.6%;
- ევროობლიგაციები - 0.9%.