2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია.
საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, წმინდა ამონაგები 438 მილიონ ლარს შეადგენს.
ამასთან, დაგროვებითი პენსიით უკვე ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2 969-მა ადამიანმა, რომლებმაც ჯამურად 7 546 950 ლარი მიიღეს.
საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 31 დეკემბრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 18.8% აშშ დოლარში, ხოლო 81.2% ლარშია.
საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება:
- 2% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე;
- 16.2% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში;
- 10.5% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში;
- 7.4% გლობალურ აქციებში;
- 0.8% ევროობლიგაციებში;
- 0.1% ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში;
- 63% ადგილობრივ სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში.
საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2022 წლის დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, ფონდის წმინდა ამონაგებმა ამოქმედებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით 40.8%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 2.69% შეადგინა.