LIVE

ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ახალ მოთხოვნებს აწესებს

13 იან 202312:26
3 წუთის საკითხავი
clock clock 754
ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ახალ მოთხოვნებს აწესებს

ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით ფინანსური ორგანიზაციებისთვის ახალ მოთხოვნებს აწესებს.

კერძოდ, ფინანსურმა ორგანიზაციებმა, მომხმარებლებისთვის საფინანსო პროდუქტების კომბინირებულად შეთავაზებისას, ცალკეული საფინანსო პროდუქტის ფასის გამჭვირვალედ მითითება და მომხმარებლების სათანადო ინფორმირება უნდა უზრუნველყონ. მათ მომხმარებელს უნდა მიაწოდონ სრულყოფილი ინფორმაცია, როგორც კომბინირებული შეთავაზების, ისე ცალკეული საფინანსო პროდუქტის ფასის შესახებ.

როგორც მარეგულირებელში აცხადებენ, ახალი მოთხოვნები საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და უცხოური ბანკების ფილიალებზე, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებზე - საკრედიტო კავშირებსა და სესხის გამცემ სუბიექტებზე ვრცელდება.

"ცვლილებით მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეადარონ ერთი ან რამდენიმე ფინანსური ორგანიზაციის საფინანსო პროდუქტი, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებას. ფინანსური ორგანიზაციებისთვის ფასის მითითება არ არის სავალდებულო ისეთ საფინანსო პროდუქტზე, რომლებსაც ისინი მომხმარებელს სთავაზობენ მხოლოდ სხვა საფინანსო პროდუქტებთან კომბინაციაში და არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საფინანსო პროდუქტს. ასეთ შემთხვევაში, საკმარისია, ფინანსურმა ორგანიზაციამ მიუთითოს და მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია, რომ კონკრეტულ საფინანსო პროდუქტს მომხმარებელი ცალკე ვერ შეიძენს",- განმარტავენ სებ-ში.