LIVE

შვედეთში სახლების ფასები რეკორდულად იკლებს

13 იან 202311:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 590
შვედეთში სახლების ფასები რეკორდულად იკლებს

მართალია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში შვედეთში სახლები ძვირდებოდა, მაგრამ ახლა ფასები დრამატულად იკლებს.

როგორც შვედეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, სტეფან ინგვესი ამბობს, ბაზრის „დისფუნქციური“ ბუნების გათვალისწინებით,​ უძრავი ქონების ფასების ვარდნა გასაკვირი არ არის.

"ის, რასაც ახლა ხედავთ, არის თითქმის ზუსტად ის, რასაც ელოდით - საპროცენტო განაკვეთიდან გამომდინარე ოჯახებს მეტის გადახდა მოუწევთ", - აღნიშნავს სტეფან ინგვესი. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს შვედეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთის ზრდის აგრესიული ციკლი წამოიწყო, რაც თავის მხრივ უძრავი ქონების ბაზარზეც აისახა. 

უფრო ზუსტად კი, გასული წლის ნოემბრის მდგომარეობით, თებერვლის პიკურ პერიოდთან შედარებით, შვედეთში სახლის ფასები 13%-ით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 90-იანი წლების ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ქვეყნის ისტორიაში ესაა საბინაო ბაზრის ყველაზე დიდი ვარდნა. 

შვედეთის უძრავი ქონების ფასები იმდენად სერიოზული ვარდნის წინაშე დგას, რომ ზოგიერთი ეკონომისტი არ გამორიცხავს, უძრავი ქონების ფასები თავის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით 20%-ითაც შემცირდეს.

თავის დროზე შვედეთში სახლების გაძვირებას ხელი შეუწყო დაბალი საპროცენტო განაკვეთების სისტემამ, რომლის მიხედვითაც მომხმარებლების იპოთეკური სესხების დაახლოებით ნახევარი ცვლადი განაკვეთებით ფინანსდება, დანარჩენი კი მოკლევადიანი ფიქსირებული განაკვეთებით.

პანდემიის ეფექტი

Covid-19 პანდემიის დროს, მთელ ევროპაში სახლების ფასები იზრდებოდა და ამ მხრივ არც შვედეთი ყოფილა გამონაკლისი. სახლიდან მუშაობისა და საშინაო დასვენების ფონზე საცხოვრებელ ფართებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა. 2020 წლის იანვრის პანდემიამდელ დონესთან შედარებით საშუალოდ სახლების ფასები 30%-ით გაიზარდა, თუმცა პანდემიის პიკის და შეზღუდვების დასრულების შემდეგ, უძრავი ქონების ბაზრის ვარდნა ევროპის არაერთ ქვეყანაში დაიწყო.