LIVE

წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის 4%-მდე შენელებაა მოსალოდნელი - მსოფლიო ბანკი

11 იან 202311:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 395
წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის 4%-მდე შენელებაა მოსალოდნელი - მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის (WB) ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოში მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის 4%-მდე შენელება. მიზეზებს შორის დასახელებულია 2022 წლის მაღალი ზრდით გამოწვეული საბაზისო ეფექტი, ასევე პარტნიორ ქვეყნებში ზრდის შემცირება (მაგ. ევროკავშირის ქვეყნებში) და ფულადი სახსრების შემოდინების კლება.

გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ ანგარიშის მიხედვით, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოში მოსალოდნელია ზრდის სტაბილიზაცია პოტენციური 5%-ის ფარგლებში.

რაც შეეხება გასული წლის მაღალ ეკონომიკურ ზრდას, მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოში ეკონომიკა უფრო მეტად გაიზარდა ვიდრე მოსალოდნელი იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. რამდენადაც, ეკონომიკის 10%-იან ზრდას ხელი მნიშვნელოვნად შეუწყო COVID-19 პანდემიის შემდეგ ადგილობრივი მოთხოვნის აღდგენამ, ტურიზმის განახლებასთან ერთად და რუსეთიდან ფულადი გზავნილების მატებამ.

მსოფლიო ბანკის მიხედვით, საქართველოში მოსალოდნელია ინფლაციის ეტაპობრივი შემცირება მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად.

"ამ პერსპექტივის მიხედვით არსებული რისკები ძირითადად დაბალანსებულია. უარყოფით პერსპექტივად შეიძლება განხილულ იქნეს ის, რომ მუდმივმა ინფლაციამ გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრებასთან ერთად შესაძლოა გავლენა იქონიოს ლარზე და პოტენციურად მაკროსაფინანსო სტაბილურობაზე დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლების გამო",- აღნიშნულია ანგარიშში.

WB-ს შეფასებით, საქართველოში ტურიზმზე და ფულად გზავნილებზე შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს რუსეთში 2023 წელს მოსალოდნელმა მნიშვნელოვანმა ეკონომიკურმა ვარდნამ გაჭიანურებული კონფლიქტისა და სანქციების შედეგად. დადებით პერსპექტივად კი შეიძლება განხილულ იქნეს ფულადი ნაკადების შემოდინება მოსალოდნელზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და საქართველოს მიერ სარგებლის მიღება სატრანსპორტო დერეფნის რეკონფიგურაციის პარალელურად ვაჭრობის ახალი ორიენტირების შექმნის შედეგად.