LIVE

Twitter-ი თანამშრომლების გათავისუფლებას აგრძელებს

08 იან 202311:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 400
Twitter-ი თანამშრომლების გათავისუფლებას აგრძელებს

Twitter-მა კადრების კიდევ უფრო შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. Bloomberg news-ის ინფორმაციით, კომპანიამ თანამშრომლები გაათავისუფლა სიძულვილის ენასთან და შევიწროებასთან დაკავშირებულ განყოფილებაში და ასევე, ნდობისა და უსაფრთხოების გუნდიდან, რომელიც ამუშავებს გლობალური კონტენტის მოდერაციას.

ინფორმირებული წყაროს თანახმად, პარასკევს ღამით კიდევ ათეულმა შემცირებამ იმოქმედა კომპანიის დუბლინისა და სინგაპურის ოფისების დასაქმებულებზე.

ილონ მასკის კომპანიიდან გათავისუფლებულებს შორის არიან ნურ აზარ ბინ აიობი, რომელიც შედარებით ახალი დაქირავებული იყო აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ხელმძღვანელად, ასევე ანალუისა დომინგესი, შემოსავლების პოლიტიკის უფროსი დირექტორი.

ამასთან, შემცირება შეეხოთ გუნდის თანამშრომლებს, რომლებიც ამუშავებდნენ დეზინფორმაციის პოლიტიკასა და სახელმწიფო მედიებს პლატფორმაზე.

Twitter-ის ნდობისა და უსაფრთხოების საკითხებში ვიცე-პრეზიდენტმა, ელა ირვინმა Reuters-ს კადრების შემცირების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა. 

აღსანიშნავია, რომ Twitter-მა გაათავისუფლა დაახლოებით 3 700 თანამშრომელი ნოემბრის დასაწყისში მასკის ხარჯების შემცირების ღონისძიების შედეგად, ხოლო შემდგომში კომპანია საკუთარი სურვილით ასობით ადამიანმა დატოვა. კომპანიისთვის გასულ თვეში ასევე გამოწვევა გახდა სარჩელი, რომელიც გათავისუფლებებში ქალი თანამშრომლების მიმართ არაპროპორციულ მიდგომას ეხებოდა.

ილონ მასკმა Twitter-ის ყიდვის $44-მილიარდიანი გარიგება გასული წლის ოქტომბრის ბოლოს დაასრულა. ამის შემდეგ ის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი გახდა. მასკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს საზოგადოების და ბიზნესის კრიტიკა არაერთხელ მოჰყვა. კომპანიების ნაწილმა სოციალურ ქსელში რეკლამის განთავსებაზე უარი თქვა.

მასკმა წლის ბოლოს განაცხადა, რომ დატოვებს Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, როგორც კი იპოვის, ვინმეს, ვინც "საკმარისად სულელი იქნება, რომ მისი საქმე აკეთოს". მილიარდერმა შემცვლელის ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც Twitter-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში მომხმარებლების 57.5%-მა მხარი დაუჭირა თანამდებობიდან მის გადადგომას.