LIVE

მასკი გადადგომას გეგმავს და Twitter-ის ახალ CEO-ს ეძებს

21 დეკ 202210:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 406
მასკი გადადგომას გეგმავს და Twitter-ის ახალ CEO-ს ეძებს

ილონ მასკი აცხადებს, რომ ის დატოვებს Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, როგორც კი იპოვის, ვინმეს, ვინც "საკმარისად სულელი იქნება, რომ მისი საქმე აკეთოს." 

მიუხედავად ამისა, ის აპირებს, რომ კვლავ უხელმძღვანელოს პროგრამული უზრუნველყოფის და სერვერების გუნდების მუშაობას.

ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, კომპანიის CEO ისევ ჯეკ დორსი გახდეს. სავარაუდო კანდიდატებად მედია ასევე ასახელებს Facebook-ის ყოფილ COO-ს შერილ სენდბერგს, ინჟინერ შრიამ კრიშნანს და აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველსა და სიძეს, ჯარედ კუშნერს.

მილიარდერმა შემცვლელის ძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც Twitter-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში მომხმარებლების 57.5%-მა მხარი დაუჭირა თანამდებობიდან მის გადადგომას. 

გამოკითხვის დასრულების შემდეგ, რამდენიმე საათი მასკი დუმილს ინარჩუნებდა, რასაც მოჰყვა კომენტარი, რომ მომავალში Twitter-ის პოლიტიკასთან დაკავშირებულ გამოკითხვებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ Twitter Blue ფასიანი სერვისის გამომწერებს ექნებათ. 

მილიარდერს არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება აქვს მიღებული Twitter-ის გამოკითხვებზე დაყრდნობით. ერთ-ერთი ბოლო ასეთი გამოკითხვა მან აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიშის აღდგენის შესახებ ჩაატარა. უმრავლესობამ მისი დაბრუნება ისურვა. Twitter-მა ანგარიში აღადგინა, თუმცა ტრამპს ჯერ არაფერი დაუწერია.

ტრამპის ანგარიშის აღდგენას საზოგადოებაში მწვავე კრიტიკა მოჰყვა, ისევე როგორც მასკის მიერ Twitter-ზე 50-ზე მეტი დღის განმავლობაში მიღებულ არაერთ გადაწყვეტილებას.  

მასკის მიერ განხორციელებული ცვლილებების გამო, პლატფორმაზე რეკლამის განთავსებაზე უარი თქვეს მსხვილმა კომპანიებმა, მათ შორის, General Motors-მა, Volkswagen-მა, Pfizer-მა და General Mills-მა.   

მათთვის მიუღებელია ახალი მფლობელის გადაწყვეტილებები, რომლებიც თანამშრომლების ნახევრის გათავისუფლებას, ფასიანი ვერიფიკაციის სერვისის შემოღებას და რეკლამის მოდერაციის პოლიტიკის შემსუბუქებას გულისხმობს, რამაც ქსელში ყალბი ანგარიშების გამრავლება გამოიწვია. ამავდროულად, მასკის სურვილი, ქსელი სიტყვის თავისუფლების ადგილად იქცეს, სიძულვილის ენისა და დეზინფორმაციის გავრცელების რისკს ზრდის.  

ილონ მასკმა Twitter ოქტომბრის ბოლოს $44 მილიარდად იყიდა. ამის შემდეგ კი განაცხადა, რომ Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორი თვითონ იქნებოდა.

მასკმა, რომელიც Tesla-სა და Space Exploration Technologies-ის აღმასრულებელი დირექტორიც არის, Twitter-ის შეძენის შემდეგ თავისი დროის დიდი ნაწილი სოციალური მედიის პლატფორმას დაუთმო, რამაც მის მმართველობაში არსებული სხვა კომპანიების ინვესტორების კრიტიკა გამოიწვია. Tesla-ს აქციების ფასი წელს 54%-ით შემცირდა. ასევე შემცირდა Tesla-ში მასკის წილიც. Refinitiv-ის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 17%-დან 13,4%-მდე ჩამოვიდა. 

გასულ კვირას ილონ მასკმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგა. Bloomberg-ის მონაცემებით, მისი ქონება ახლა $155 მილიარდს შეადგენს და მილიარდერების სიაში მე-2 ადგილს იკავებს. მას $162 მილიარდით ფრანგი ბიზნესმენი, ბერნარ არნო უსწრებს.