LIVE

ჩინეთიდან მილანში ჩასული მგზავრების 50%-ს Covid-19 აღმოაჩნდა

29 დეკ 202211:01
3 წუთის საკითხავი
clock clock 433
ჩინეთიდან მილანში ჩასული მგზავრების 50%-ს Covid-19 აღმოაჩნდა

იტალია ჩინეთიდან ჩასულ ყველა მგზავრს Covid-19-ზე ტესტს ჩაუტარებს. ქვეყანამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მილანში ჩინეთიდან ჩასული ორი რეისის მგზავრების თითქმის ნახევარს Covid-19 აღმოაჩნდა. მათ უმრავლესობას დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებოდა. 

იტალიის ჯანდაცვის ორგანოები ახლა სწავლობენ ინფიცირებულებს შორის ფიქსირდება თუ არა Covid-19-ის ახალი ვარიანტები. მათი აღმოჩენის შემთხვევაში, შესაძლოა, იტალიამ ჩინეთიდან მგზავრობაზე მკაცრი წესები დააწესოს. 

ჩინეთში ვირუსმა იფეთქა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ "ნულოვან კოვიდპოლიტიკაზე" უარი თქვა. გავრცელების მასშტაბის გაურკვევლობა ევროპის ქვეყნებს აიძულებს, რომ ჩინეთიდან მიმავალ მგზავრებზე ახალი შეზღუდვები აამუშაონ. 

იტალია იყო პირველი ევროპული ქვეყანა, რომელიც 2020 წელს, პანდემიის დასაწყისში, დაავადებამ მძიმედ დააზარალა. ჩინეთიდან ჩასული ინფიცირებულების მაღალმა რიცხვმა ქვეყანაში შეშფოთება გამოიწვია, მაგრამ იტალიაში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი ნაწილობრივ სიმშვიდის საფუძველს ქმნის. "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის" თანახმად, იტალიის 80% სრულად ვაქცინირებულია, ასევე, ბევრი აცრილია ე.წ. "ბუსტერ დოზით". მსგავსი სიტუაციაა ევროპის უმეტეს ქვეყნებში. 

ჩინეთში დაავადების მასშტაბური გავრცელების გამო, 5 იანვრიდან აშშ ჩინეთიდან მიმავალ მგზავრებს Covid-19-ის უარყოფითი ტესტს წარდგენას მოსთხოვს. ტესტი შეიძლება იყოს როგორც PCR, ასევე სწრაფი.