LIVE

აზარტული თამაშების კომპანიები ასაკობრივი ზღვრის შემცირებას ითხოვენ - მორიგი სარჩელი

14 დეკ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 784

აზარტული თამაშების ინდუსტრია უახლოეს ხანებში მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში მორიგ სარჩელს შეიტანს.

ამჯერად კომპანიები იმ რეგულაციის გასაჩივრებას გეგმავენ, რომლის მიხედვითაც 25 წლამდე პირებისთვის აზარტულ თამაშებში ჩართვა აიკრძალა.

როგორც სათამაშო ბიზნეს ასოციაციაში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, დაწესებული რეგულაციები ლუდომანიის პრობლემის გადასაჭრელად ეფექტური არ აღმოჩნდა, რადგან საქართველოში უცხოური, არალეგალური საიტები მომრავლდა. ასოციაციაში ამბობენ, რომ მოქალაქეთა ნაწილი, მათ შორის ახალგაზრდები სათამაშოდ სწორედ ასეთ საიტებს იყენებენ.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ ადამიანების ნაწილმა, რომლებსაც აზარტულ თამაშებში ჩართვა აეკრძალათ, უცხოურ, არალეგალურ საიტებზე გადაინაცვლა. ასეთი საიტები კი არ კონტროლდება და საბოლოოდ მომხმარებელიც ნაკლებადაა დაცული, ვიდრე ჩვენს, ადგილობრივ საიტებზე, რომლებზეც არაერთი რეგულაცია ვრცელდება. ასევე მომრავლებულია ექაუნთების გაქირავების შემთხვევები, როდესაც სხვისი ექაუნთით თამაშობენ პირები. შესაბამისად, მოქალაქეები მაინც ახერხებენ თამაშებში ჩართვას. ზოგადად, მიგვაჩნია, რომ 21 წლის ადამიანს აქვს იმისი უნარი, თავად განკარგოს საკუთარი ფინანსები. ამიტომ გვინდა, რომ მოვითხოვოთ ასაკობრივი ზღვრის ისევ 21 წლამდე ჩამოწევა. ვფიქრობთ, რომ ეს ბაზარზე არალეგალურ კონტენტსაც შეამცირებს“, - განაცხადა ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა.

აზარტული თამაშების ინდუსტრიამ მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელი უკვე შეიტანა. კომპანიებმა დარგისთვის გადასახადების გაზრდა გააპროტესტეს.

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში, პირველი მარტიდან დღემდე აზარტულ და მომგებიან თამაშებზე დამოკიდებული 3 719 ფიზიკური პირია რეგისტრირებული, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 28 ადამიანი, ხოლო თავად პირის მიმართვის საფუძველზე - 3 691.