2023 წლის პირველი იანვრიდან, შიდა ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი ალკოჰოლური სასმელები სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიკატს ღვინის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს.
„ალკოჰოლური სასმლის მწარმოებელი ან რეალიზაციის განმახორციელებელი პირი, ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის რეალიზაციისას, ვალდებულია იქონიოს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატი, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტო აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმის საფუძველზე გასცემს, რაც იქნება გარანტი, რომ იდენტიფიცირებული პროდუქცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებს“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, სერტიფიცირება ქართული ღვინის ხარისხის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. კერძოდ, სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოში წარმოებული და საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ალკოჰოლიანი სასმლის სერტიფიცირება ხელს შეუწყობს: ალკოჰოლური სასმელის მაქსიმალურ კონტროლს, სამომხმარებლო ბაზრის ფალსიფიცირებისგან დაცვას, ასევე კონკურენტუნარიანი ბაზრის გაფართოებასა და განვითარებას.