LIVE

ღარიბაშვილი: კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო არაერთ ევროპულ სახელმწიფოს უსწრებს

09 დეკ 202210:29
3 წუთის საკითხავი
clock clock 423
ღარიბაშვილი: კორუფციასთან ბრძოლაში საქართველო არაერთ ევროპულ სახელმწიფოს უსწრებს

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია და არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს.

ღარიბაშვილის თქმით, კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლა ხელისუფლების პრიორიტეტად რჩება.

„კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველო კვლავ მოწინავე პოზიციებით ხვდება.

კორუფცია უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს დემოკრატიის, ეკონომიკური განვითარებისა და საზოგადოებრივი სტაბილურობისათვის. ამიტომ, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ჩვენ დიდი ძალისხმევა მივმართეთ მის წინააღმდეგ - ჩავატარეთ ანტიკორუფციული კანონმდებლობის რეფორმა, უზრუნველვყავით მთავრობის ღიაობა და პროცესებში საზოგადოების ჩართულობა.

შედეგები შთამბეჭდავია - ბოლო ექვსი წელია ვინარჩუნებთ პოზიციას წამყვან ქვეყნებს შორის. ბოლო კვლევების თანახმად, საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში კვლავ ლიდერია და არაერთ ევროპულ და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოსაც უსწრებს. ჩვენს პროგრესს მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი უცხოელი მეგობრები, მაღალი რანგის პოლიტიკური ფიგურები.

კორუფციასთან შეურიგებელი ბრძოლა, ანგარიშვალდებული და ღია მმართველობის გაძლიერება კვლავ ჩვენს პრიორიტეტად რჩება“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

აღსანიშნავია, რომ არაერთი შეფასების თანახმად, საქართველოში კორუფცია და მასთან სათანადო ბრძოლა კვლავ გამოწვევაა.

ევროკომისიის შეფასებით, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგას ანტიკორუფციული პროცესების გასაძლიერებლად.

„ელიტურ კორუფციასთან ბრძოლა და ფარული ინტერესების, მათ შორის ოლიგარქების ინტერესების აღმოფხვრა, შემდგომ გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვს“, - ნათქვამია ევროკომისიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

Heritage Foundation-ის 2022 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს მთავარ გამოწვევად „ელიტარული“ კორუფცია დასახელდა. რამდენადაც მაღალი თანამდებობის პირები იყენებენ კანონში არსებულ ხარვეზებს პირადი გამდიდრების, სტატუსის ან ანგარიშსწორების მიზნით.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანახმად, ანტიკორუფციული აქტივობების 13 სექტორული მიმართულებიდან, თითქმის ყველა, საქართველოს მიერ შესრულების დაბალი ხარისხით ხასიათდება.