LIVE

საქართველო ანტიკორუფციული აქტივობების შესრულების დაბალი ხარისხით ხასიათდება - IDFI

12 ივლ 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 865
საქართველო ანტიკორუფციული აქტივობების შესრულების დაბალი ხარისხით ხასიათდება - IDFI

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) განცხადებით, ანტიკორუფციული აქტივობების 13 სექტორული მიმართულებიდან, თითქმის ყველა, საქართველოს მიერ შესრულების დაბალი ხარისხით ხასიათდება. IDFI ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ მომზადებულ საქართველოს ანტიკორუფციული გარემოს შეფასების პილოტური ანგარიშის მიმოხილვაში წერს.  

პილოტური მონიტორინგი ანტიკორუფციული აქტივობების შემდეგ 13 სექტორულ მიმართულებას მოიცავს:

  • ანტიკორუფციული პოლიტიკა;
  • ინტერესთა კონფლიქტი;
  • თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების წარმოება;
  • მამხილებელთა დაცვა;
  • სასამართლოს დამოუკიდებლობა;
  • პროკურატურის დამოუკიდებლობა;
  • სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერება;
  • ბიზნესის კეთილსინდისიერება;
  • კორუფციული დანაშაულების მიმართ კანონმდებლობის აღსრულება;
  • იურიდიულ პირთა პასუხისმგებლობა;
  • კორუფციული შემოსავლის აღდგენა და მართვა;
  • მაღალი დონის კორუფციის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა;
  • სპეციალიზებული ანტიკორუფციული საგამოძიებო და საპროკურორო ორგანოები.

„მართალია, ანგარიში არ მოიცავს ინფორმაციას თითოეულ სექტორულ მიმართულებაზე ქვეყნის მიერ მიღებული ქულებისა და ინდიკატორების შესრულების რეიტინგების შესახებ, თუმცა, ანგარიშის აღწერილობით ნაწილზე დაყრდნობით შესაძლოა ითქვას, რომ დასახელებული ცამეტი მიმართულებიდან თითქმის ყველა საქართველოს მიერ შესრულების დაბალი ხარისხით ხასიათდება“, - აცხადებენ IDFI-ში.

ანგარიში გამოკვეთს ხარვეზებს ანტიკორუფციული პოლიტიკის წარმოების მიმართულებით. მონიტორინგის გუნდის თანახმად, მნიშვნელოვანია, რომ ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში კორუფციული გარემოს ანალიზი ყოვლისმომცველი იყოს, თუმცა, საქართველოს ბოლო ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია ძირითადად მიღწევების წარმოჩენაზე იყო ორიენტირებული.

„სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებამდე ეროვნული რისკების შეფასება არ განხორციელებულა და არ არსებობს მტკიცებულებებზე დაფუძნებული გამართლება სტრატეგიის იმ პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევასთან დაკავშირებით, რომელთა დუბლირებაც ხდება ერთი ანტიკორუფციული სტრატეგიიდან მეორეში. ანგარიშში მითითებულია, რომ ბოლო ანტიკორუფციული სტრატეგია პირდაპირ არ გამოკვეთს მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯებს და მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებული გამოწვევები პირდაპირ არ არის აღიარებული, თუმცა, სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებებში ხაზგასმულია აღნიშნულის საჭიროება. მონიტორინგის გუნდის შეფასებით სათანადოდ არ ხდება მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების გამოვლენა და გამოძიება. ამასთან, ანტიკორუფციული პოლიტიკის განსაზღვრისას არ გამოიყენება მაღალი დონის კორუფციის შემთხვევების შესაბამისი სტატისტიკა“, - აცხადებენ IDFI-ში.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი წლებია საუბრობს მაღალი დონის კორუფციის პრევენციისთვის სათანადო ზომების მიღების აუცილებლობაზე. ქმედითი ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში დახმარების მიზნით 2021 წლის დასაწყისში ორგანიზაციამ ანტიკორუფციულ სამდივნოს თავისი რეკომენდაციები წარუდგინა. IDFI-მ მოუწოდა სამდივნოს, განეხორციელებინა სიღრმისეული სიტუაციური ანალიზი კორუფციასთან, მათ შორის, მაღალი დონის კორუფციასთან დაკავშირებით.

„სამწუხაროდ, ახალი ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა, რომელსაც 2021-2022 წლებში უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა განესაზღვრა, 2022 წლის მესამე კვარტალში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული. ახალი სტრატეგიული დოკუმენტების დაგვიანებით შემუშავების ტენდენცია ანგარიშის ფარგლებში ნეგატიურად არის შეფასებული, მონიტორინგის გუნდის თანახმად, მსგავსი პრაქტიკა გავლენას ახდენს საქართველოში ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების ეფექტიანობაზე. ნიშანდობლივია, რომ მეოთხე რაუნდის მონიტორინგის ფარგლებში OECD საუბრობდა ანტიკორუფციული პოლიტიკის მაკოორდინირებელი ორგანოს გაძლიერების საჭიროებაზე და რეკომენდაციას აძლევდა საქართველოს, სათანადო რესურსით აღეჭურვა ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო. ნაცვლად ამისა, ბოლო რამდენიმე წელია ეროვნული ანტიკორუფციული საბჭო არც კი შეკრებილა, ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნო კი მხოლოდ ფორმალურად არსებობს. აღნიშნული, თავის მხრივ, კიდევ უფრო აფერხებს ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელებას, რაზეც ყურადღება გამახვილებულია, მათ შორის, ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის მოსაზრებაში“, - აცხადებენ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში.

ანგარიშში საკმაოდ კრიტიკულადაა შეფასებული სხვა სექტორული მიმართულებებიც. როგორც მონიტორინგის გუნდი აღნიშნავს, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობა არასრულყოფილია. ანგარიშის თანახმად, საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევების მონიტორინგი არასაკმარისია. 

მონიტორინგის გუნდი ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სისტემის გამოწვევებზეც. მკვლევარების განცხადებით, დეტალიზებული არაა სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის წესი, ბუნდოვანია კანდიდატის შერჩევის კრიტერიუმები. ანგარიშის მიხედვით, თანამდებობაზე აყვანა და დაწინაურება სათანადოდ არ არის რეგულირებული პროკურორებთან მიმართებითაც და არსებული პროცედურები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს პროკურორთა შერჩევას კონკურენტულ გარემოში დამსახურების მიხედვით.

მონიტორინგის გუნდის შეფასებით, უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება იურიდიული პირების ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ცენტრალურ რეესტრში რეგისტრირებისა და ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულების არარსებობა.

პრობლემურად არის შეფასებული კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებით მონაცემების ანალიზიც.

IDFI-ს განცხადებით, პილოტური მონიტორინგის შედეგების ფონზე კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ საქართველოს მთავრობამ ბოლო წლებში ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმების განხორციელება შეაჩერა.

„შედეგები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აუცილებელია ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის რეფორმირება. IDFI მოუწოდებს ხელისუფლებას, აღიაროს ქვეყანაში არსებული გამოწვევები, რომელთა დაძლევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია წარმატებული რეფორმების განხორციელებისათვის, განაახლოს ანტიკორუფციული მიმართულებით რეფორმების განხორციელება და მეტი ყურადღება დაუთმოს კორუფციასთან ბრძოლას“, - აღნიშნავენ IDFI-ში.