LIVE

ჩინეთში Covid-19-ისთვის სახელის შეცვლას განიხილავენ

07 დეკ 202214:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 421
ჩინეთში Covid-19-ისთვის სახელის შეცვლას განიხილავენ

ჩინეთის მედიცინის ასოციაციის ინფექციური დაავადებების ჯგუფმა Covid-19-ის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწია.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, გუ სიაჰონგი სახელმწიფო გაზეთ Beijing Daily-თან აცხადებს, რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა და ის ახლა მხოლოდ ინფექციურ ვირუსად უნდა მოიხსენიონ. მისივე თქმით, მსუბუქი სიმპტომების მქონე პაციენტებს კარანტინის სახლში გატარების საშუალება უნდა მიეცეთ. 

ჩინეთის ამჟამინდელი მიდგომა გულისხმობს მასობრივ ტესტირებას და ინფიცირებულების კარანტინს სპეციალურ დაწესებულებებში, რაც სპეციალისტების აზრით, "პასიური გამოვლენისა" და "აქტიური პრევენციის" მიდგომით უნდა ჩანაცვლდეს. 

ჩინეთის ხელმძღვანელობა ამ დრომდე ინარჩუნებს "ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ მიდგომას ქვეყანა ადამიანების გადარჩენისა და სამედიცინო სისტემის გადატვირთვის თავიდან აცილების მოტივით ხსნის. 

"ნულოვანი კოვიდის" პოლიტიკის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო ტალღის შემდეგ, ჩინურ მედიაში რეგულაციების შემსუბუქებაზე საუბარი გააქტიურდა. ოფიციალური პირები დაავადებისგან მოსალოდნელი საფრთხის შემსუბუქებაზე უკვე ღიად ალაპარაკდნენ. გასულ კვირას ვიცე-პრემიერმა სუნ ჩუნლანმა ჯანდაცვის ოფიციალური პირების შეხვედრაზე განაცხადა, რომ ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე დგას, რადგან კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტი ნაკლებად მომაკვდინებელია, გაიზარდა ვაქცინირებულთა რიცხვი და ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნა.  

ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ მიმდინარე კვირაში დაწერა, რომ ვირუსის "ყველაზე რთული პერიოდი გავლილია". ამის მიზეზად მან დაავადების დასუსტება და ვაქცინაციის გაზრდილი მაჩვენებელი დაასახელა.